VIII

რჩევები მშობლებს

დედა ტერეზას რჩევები მშობლებს


დედა ტერეზას რჩევები მშობლებსჩვენი დროის ერთ-ერთი უდიდესი ჰუმანისტი, ქველმოქმედი და ნობელის პრემიის ლაურეატი დედა ტერეზა ნებისმიერი ადამიანის, განსაკუთრებით ბავშვების მიმართ დიდი სიყვარულით იყო ცნობილი. დედა ტერეზას სხვა და სხვა თემაზე გამონათქვამები და რჩევები ისევე ცნობილია, როგორც მისი საქველმოქმედო საქმიანობა. ამჯერად გთავაზობთ მის რჩევებს შვილების აღზრდასთან დაკავშირებით. წაიკითხეთ და გამოთქვით თქვენი აზრი - ეთანხმებით თუ არა, თქვენც ასე ზრდით შვილებს ან გსურთ ასე გაზარდოთ?


1. ყურადღებით იყავით, როდესაც ბავშვს ესაუბრებით. საგულდაგულოდ შეარჩიეთ სიტყვები და ინტონაცია. ბავშვებთან ურთიერთობისას უფროსები ხშირად ვერ ახერხებენ საკუთარი ემოციების მართვას; შვილს უნიჭოს, მოუხერხებელს, უუნაროს, ზარმაცს უწოდებენ. ეს სიტყვები ბავშვებზე ხშირად დამღუპველად მოქმედებს - დროთა განმავლობაში ისინი შეიძლება მართლაც ზარმაც და უნიათო ადამიანებად ჩამოყალიბდნენ. ნურასდროს დასჯით ბავშვს მაშინ, როდესაც თავად ბრაზობთ, რადგან მის მეხსიერებაში არა სამართლიანობის, არამედ სიბრაზისა და სიძულვილის განსახიერებად დარჩებით.

2. ნუ შეაშინებთ პატარებს პოლიციით, ურჩხულებით, მოჩვენებებითა და რუხი მგლებით. ეს მათ მართლაც აშინებთ და იმიტომაც გემორჩილებიან და არა იმიტომ, რომ რიდი უჩნდებათ. ბავშვობაში განცდილი შიში მათ მომავალზე აისახება. 

3. აღზრდისას სამაგალითოდ მოიქეცით. ბავშვებს ნაკლებად აინტერესებთ თქვენი ნოტაციები და დარიგებები - მშობლის საქციელით უფრო მეტს სწავლობენ.

4. ნებისმიერ სიტუაციაში ეცადეთ, ბავშვის თვალში ღირსეულად გამოიყურებოდეთ, ნუ დაანახებთ საკუთარ სისუსტესა და ნაკლს. მშობლის სისუსტის დანახვაზე ბავშვები ღელავენ. ფიქრობენ, რომ თუ პრობლემას თქვენც ვერ უმკლავდებით, მაშინ ვერც ისინი შეძლებენ, იპყრობთ უიმედობისა და უსუსურობის შეგრძნება, რაც მათ ფსიქიკას ვნებს.

5. ნუ იჩხუბებთ შვილების თანდასწრებით. ბავშვი სუსტი არსებაა და მას თავად სჭირდება დამცველი. ჩხუბში გართული მშობლები მის თვალში დამცირებულად გამოიყურებიან, რაც მათ ავტორიტეტსაც აქვეითებს. ფიზიკურ და ფსიქოლოგიურმხარდაჭერას ბავშვი მშობლებში ეძებს, მოჩხუბარი მშობლების ფონზე კი თავს დაკარგულად გრძნობს, რაც მასში ბევრ არასრულფასოვან თვისებას ავითარებს. ასეთი ბავშვი კი არა მხოლოდ ერთი ოჯახის, არამედ მთელი საზოგადოების ტრაგედიაა.

6. ნურასდროს შეეხებით ბავშვს ფიზიკურად. უკიდურეს შემთხვევაში, თუ ამას ნამდვილად იმსახურებს, შეგიძლიათ ძალიან ნელა ტაკოზე მოუტყაპუნოთ. ბავშვი მხოლოდ იმ შემთხვევაში დასაჯეთ, თუ მისი საქციელი კარგად გაქვთ აწონ-დაწონილი, შესწავლილი, გააზრებული, რათა სამართლიანობის შეგრძნება განუვითაროთ. 

7. ნუ დაანახებთ სიბრაზესა და მცირედ სიძულვილსაც კი. ბავშვი ადვილად დაივიწყებს ტაკოზე წამორტყმას, მაგრამ მშობლის ავი გამოხედვა დიდხანს გაჰყვება. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ სჯით არა იმიტომ, რომ თქვენი მოთმინება ამოიწურა, არამედ იმიტომ, რომ ეს მისთვისაა კარგი, რომ გარკვეული წესების მიმართ დამორჩილება მომავალში გამოადგება.

8. მოიქეცით ისე, რომ შვილი ბოლომდე გენდობოდეთ, რაც მორჩილებასა და პატივისცემასაც გამოიწვევს. ურთიერთნდობა მეგობრული და მოყვარული ოჯახის ჩამოყალიბების ერთ-ერთი მთავარი საწინდარია.

9. არ დაგავიწყდეთ ყველაზე მთავარი - გიყვარდეთ შვილი ისეთიროგორიც არის: ჯიუტი, ზარმაცი, ცელქი, მოუსვენარი. მხოლოდ ნამდვილი სიყვარული გაგრძნობინებთ შვილისადმი სიყვარულის ბედნიერებას. 

წყარო 


       

                       10 მცნება მშობლებისათვის

1. ნუ ელოდები, რომ შენი შვილი იქნება შენნაირი, ან ისეთი, როგორიც შენ გინდა. დაეხმარე, რომ იყოს ის, ვინც მას უნდა.
2. ნუ დააყვედრი ყველაფერს, რასაც უკეთებ. შენ მას სიცოცხლე აჩუქე, როგორ გადაგიხდის ამას? ის თავის შვილს გადასცემს სიცოცხლეს, ის შვილი თავის შვილს და ეს არის ბუნებრივი მადლიერების კანონზომიერება.
3. სხვის ჯავრს ბავშვზე ნუ იყრი, რაკი ის სუსტია. დიდი ხნის შემდეგ მოხუცდები და შენც დასუსტდები.სწორედ მაშინ მოიმკი, რასაც დასთეს. 
4. ნუ გაქვს აგდებული დამოკიდებულება მისი პრობლემების მიმართ. ცხოვრება მისთვისაც ისევე რთულია, როგორც შენთვის, უფრო მეტადაც კი, რადგან ბავშვს ჯერ არ აქვს გამოცდილება.
5. არ დაამცირო.
6. არ დაგავიწყდეს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ბავშვთან შეხვედრაა, უფრო მეტი ყურადღება მიაქციე მათ, რადგან ჯერ არ იცი, ვის ხვდები ამ ბავშვის სახით.
7. ნუ დაიტანჯავ თავს იმაზე ფიქრით, რომ შვილს რაღაც ვერ გაუკეთე. რადგან სანამ ყველაფერს არ გაუკეთებ, ყოველთვის ცოტა იქნება.
8. შვილი – ეს არ არის ტირანი, რომელმაც ცხოვრება წაგართვა. შვილი – ეს არის ცხოვრების ნაჩუქარი წმინდა ჭურჭელი, რომელსაც უნდა მოუარო და შემოქმედებითად შეავსო. შვილი არ არის უბრალოდ “ჩემი ბავშვი”, ის დროებით მოსავლელად მობარებული სულია.
9. გიყვარდეს უცხო ბავშვებიც. სანამ გადაწყვეტ, როგორ მოექცე, მათ ადგილას ყოველთვის შენი შვილი წარმოიდგინე.
10. გიყვარდეს შენი შვილი ყველანაირი – უიღბლო, უნიჭო, წარუმატებელი. მასთან ურთიერთობისას გაიხარე და გახსოვდეს – ეს ზეიმი შენთან გარკვეულ დრომდეა."

იანუშ კორჩაკი, პოლონელი ექიმი, პედაგოგი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე. 1942 წლის 6 აგვისტოს თავის 200 აღსაზრდელთან ერთად დაასრულა სიცოცხლე ტრებლინკის გაზის კამერაში.


როგორ გავზარდოთ შვილები ბედნიერები — 13 რჩევა მზრუნველი მშობლებისათვის


["პრესა.ჯი“]

მშობლისათვის არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ჯანმრთელი და შვილის ყოლა, პირველ რიგში კი, რა თქმა უნდა, ყველა ოჯახში უნდა სუფევდეს ჰარმონია.

დღეს შემოგთავაზებთ 13 სასარგებლო რჩევას დედებსა და მამებს, რომლებიც სინამდვილეში ძალიან უბრალოა, მაგრამ თუ არ დაგავიწყდებათ თქვენი შვილები გაიზრდებიან ბედნიერები და თავდაჯერებულები, რაც ალბათ თქვენი ბედნიერების გარანტიაც იქნება.

1. ყოველთვის დაიწყეთ თქვენი თავიდან — ეცადეთ დაისვენოთ, გამოიძინოთ, ჯანსაღად იკვებოთ, დაკავდეთ სპორტით, რათა თქვენს შვილს მაგალითი მისცეთ;

2. აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ მიიყვანოთ თავი სტრესამდე და არ გამოხვიდეთ მწყობრიდან. ეცადეთ ფხიზლად შეხედოთ ყველაფერს და მშვიდად იყოთ;

3. თუ ბავშვი იქცევა ცუდად, შეაფასეთ, როგორც რაღაცის დამტკიცების სურვილი ან პროტესტის გამოხატულება უფროსებისადმი. ხშირად ბავშვებს მშობლების ყურადღება, მზრუნველობა და სიყვარული აკლიათ;

4. არ შეახსენოთ და მიუთითოთ მუდმივად მათი ნაკლოვანებებზე, ასევე არანაირი შედარებები სხვა ბავშვებთან არ უნდა დაგცდეთ, რადგან ამან შეიძლება თვითშეფასებაზე ცუდი გავლენა იქონიოს. ხაზი გაუსვით მათ ღირსებებსა და დადებით საქციელებს, დაეხმარეთ მიაღწიონ მიზანს;

5. თუ გსურთ ბავშვმა გაითვალისწინოს თქვენი თხოვნები და სურვილები, თქვენც გაითვალისწინეთ და პატივი ეცით მას;

6. მიიღეთ თქვენი შვილი ისეთი, როგორიც არის. არ სცადოთ შეცვალოთ ის.  არ ჩაერიოთ უხეშად მის ცხოვრებაში და მიეცით საშუალება აირჩიოს თვითონ რა უნდა;

7. იურთიერთეთ შვილთან მშვიდი ტონით და არ უყვიროთ;

8. გააკრიტიკეთ ან შეაქეთ შვილის ქცევები და არა თვითონ ბავშვი. მაგალითად უთხარით: "შენ მოიქეცი ცუდად" და არა — "შენ ხარ ცუდი";

9. ლაპარაკის დროს შვილს თვალებში უყურეთ;

10. დაანახეთ შვილს, რომ ის მნიშვნელოვან როლს თამაშობს ოჯახში. დაავალეთ წვრილმანი საქმეები, რათა თავი საჭიროდ და სასარგებლოდ იგრძნოს;

11. საღი აზროვნებითა და გონიერებით აუმაღლეთ შვილს თვითშეფასება;

12. მიაჩვიეთ შვილი პასუხისმგებლობას თავისი საქმეებისა და არჩევანისადმი;

13. გაზარდეთ შვილი სიყვარულში, ჰარმონიასა და მზრუნველობაში.

თუ გსურთ, რომ თქვენი შვილი იყოს თვითდაჯერებული და ცხოვრებით ხარობდეს, "შეიარაღდით" ზემოთ ჩამოთვლილი რჩევებით.

 რა უნდა უთხრას ყველა დედამ და მამამ თავის შვილს

 


1.    1. შენ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ხარ
დაე იცოდეს, რომ ჭუჭყიანი ჭურჭელი და ელექტრონულ ფოსტაზე მოსული გზავნილი მოიცდის. უნდა იცოდეს, რომ თქვენთვის ის ყველაზე მთავარია.
2. მენატრებოდი
20
წუთითაც თუ შორდებით ერთმანეთს, გადაეხვიეთ და ისე შეეგებეთ. აგრძნობინეთ, რამდენად ძლიერ მიისწრაფით მასთან სიახლოვისკენ.
3.
ეს არასწორი იყო
უთხარით, როცა შეცდომას ჩაიდენს. დაეხმარეთ, გამოასწოროს, სწორი მიმართულება მიეცით. შეახსენეთ ხოლმე, რომ გიყვართ ის თავისი შეცდომებიანად.
4.
ყველაფერი სწორად გააკეთე
თუ მართებული საქციელი ჩაიდინა, უნდა უჩვენოთ, რომ ამაყობთ მისით. თუ წააქეზებთ და წაახალისებთ, გაცილებით მეტი ენთუზიაზმით ჩაიდენს კარგ ქმედებებს.
5.
შენ განსაკუთრებული ხარ
აჩვენეთ, როგორი სხვანაირი და განსაკუთრებულია. დაანახეთ თავისი გამორჩეული ხასიათის თვისებები, ასწავლეთ, სხვების ხასიათშიც გაერკვან. ეს სასარგებლო უნარია, რისთვისაც მომავალში მადლობას გეტყვით.
6.
ტირილი ნორმალურია
წაახალისეთ შვილები, რომ არ დამალონ საკუთარი გრძნობები. ადამიანები მაშინ ტირიან, როცა მოწყენილნი არიან, სტკივათ, ან თუნდაც ბედნიერების დროს. მიეცით ნება, გაგიზიაროთ თავისი ემოციები.
7.
შეიმშრალე ცრემლები
ხანდახან უნდა იცოდეს, რომ ცრემლები უნდა შეიშროს და გზა განაგრძოს. `თუ იმიტომ ტირით, რომ მზე გაქრა თქვენი ცხოვრებიდან, სასწრაფოდ შეიმშრალეთ ცრემლები, თორემ ისინი ვარსკვლავების დანახვაში შეგიშლიან ხელს~. აუხსენით პატარას ეს მარტივი ჭეშმარიტება.
8.
შეგიძლია, დამეხმარო?
მნიშვნელოვანია, რომ შვილი გხედავდეთ როგორც ადამიანს, რომელსაც ბევრი საზრუნავი აქვს და ღელავს თავის ახლობელ ადამიანებზე. შეიძლება, თქვენი ჩვეილებრივი სისუსტეებიც დაინახოს. დაე ისწავლოს, შემოგთავაზოთ და გაგიწიოთ დახმარება.
9.
დაგეხმარო?
ყოველთვის ჰკითხეთ, სანამ დაეხმარებით. დამოუკიდებლობა პრობლემის გადაწყვეტის ძიებაში იბადება. თუ თავს ვერ გაართმევს რაღაცას, ყოველთვის გაამხნევეთ და უჩვენეთ, როგორ არის სწორი.
10. "
კარგი"
დღეში ერთხელ მაინც, როცა გთხოვთ, რაიმე გააკეთოთ მასთან ერთად, უთხარით "კარგი" ყოყმანის გარეშე და უარით ნუ გაისტუმრებთ.
11.
არა
უნდა იცოდეს, რომ ყველაფერში არ ეთანხმებით. ეს არ უნდა იყოს დაღლილი, ჯიუტი ან გაღიზიანებული `არა~. აუცილებლად აუხსენით, რატომ პასუხობთ ასე.
12.
ყოჩაღ!
თუ ბავშვმა ვერ გაართვა თავი ამოცანას, მაგრამ ეცადა, უნდა გაამხნევოთ. პატარა გამარჯვებებით იგება დიდი წარმატება, პატარა იმედგაცრუებებით კისასოწარკვეთა. მიეცით მეტი მოტივაცია, რომ წარმატებული იყოს.
13.
იყავი კეთილი გარე სამყაროს მიმართ
ეს ხშირად ახსენეთ, რომ კარგი რამეები კარგ ადამიანებს შეემთხვევათ. კი, ეს სამყარო სასტიკია, მაგრამ ადამიანები, რომლებიც კეთილები და მოსიყვარულეები რჩებიან, უბედობას გაცილებით იოლად გადაიტანენ. შეუმსუბუქეთ შვილს მომავალი.
14.
მაპატიე
აღიარეთ, როცა არ ხართ მართალი და პატიებაც სთხოვეთ. კარგ მაგალითს მისცემთ და უჩვენებთ, რომ როდესაც საჭიროა, უნდა დათმოს.
15.
მეტი უამბეთ
დაუსვით შეკითხვები, თვალებში ჩახედეთ და ნამდვილად ეცადეთ მის გაგებას.
16.
მიყვარხარ
ეს ხმამაღლა უთხარით, ყოველდღე. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ მშობლების სიყვარული უანგაროა, უპირობო, შეუცვლელი და სამუდამო.

 წყარო mshoblebi.ge



მარია მონტესორის 19 მცნება მშობლებისთვის


1. ბავშვები იმას სწავლობენ, რაც მათ გარშემოა.
2. თუ ბავშვს ხშირად აკრიტიკებენ, გაკიცხვას სწავლობს.
3. თუ ბავშვს ხშირად აქებენ – დაფასებას სწავლობს.
4. თუკი ბავშვს მტრობას უჩვენებენ – სწავლობს ბრძოლას.
5. თუ ბავშვთან პატიოსნად იქცევიან – სამართლიანობას სწავლობს.
6. თუ ხშირად დასცინიან – ხდება გაუბედავი.
7. თუ ბავშვი უსაფრთხოების შეგრძნებით ცხოვრობს – სწავლობს რწმენას.
8. თუ ბავშვს ხშირად არცხვენენ – ის თავის დადანაშაულებას სწავლობს.
9. თუ ხშირად ამართლებენ – სწავლობს საკუთარ თავთან სწორ დამოკიდებულებას.
10. თუ ბავშვთან ხშირად შემწყნარებლურნი არიან – სწავლობს, იყოს მომთმენი.
11. თუ ხშირად ახალისებენ – თავდაჯერებულობას იძენს.
12. თუ ბავშვი მეგობრულ გარემოში იზრდება და თავს საჭიროდ გრძნობს – ის სწავლობს ამ სამყაროში სიყვარულის პოვნას.
13. ნუ ილაპარაკებთ ცუდად ბავშვზე – ნურც მისი თანდასწრებით, ნურც მის გარეშე.
14. კონცენტრირება მოახდინეთ ბავშვში კარგის განვითარებაზე და ცუდისთვის მასში ადგილი აღარ დარჩება.
15. ყოველთვის მოუსმინეთ და უპასუხეთ ბავშვს, რომელიც მოგმართავთ.
16. პატივი ეცით ბავშვს, რომელმაც შეცდომა დაუშვა და იგი, მალევე ან ცოტა მოგვიანებით, შეძლებს შეცდომის გამოსწორებას.
17. მზად იყავით დაეხმაროთ ბავშვს, რომელიც ძიებაშია და შეეცადეთ, შეუმჩნეველი იყოთ იმ ბავშვისთვის, რომელმაც უკვე ყველაფერი იპოვა.
18. დაეხმარეთ ბავშვს აითვისოს ის, რაც ადრე ვერ შეძლო. გააკეთეთ ეს მზრუნველობით, თავშეკავებულობით, სიმშვიდით და სიყვარულით.
19. ბავშვთან ურთიერთობისას, ყოველთვის საუკეთესო მანერებით იმოქმედეთ. შესთავაზეთ მას ყველაფერი საუკეთესო, რაც თქვენშია.
წყარო http://4motivi.com/

გონებრივად ჩამორჩენილი ბიჭი დედამ გენიოსად აქცია!!!!
ერთხელ, პატარა თომას ედისონმა,
როდესაც სკოლიდან შინ დაბრუნდა, დედას მასწავლებლის წერილი გადასცა. დედამ უმიზეზოდ ტირილი დაიწყო, შემდეგ კი ბავშვს წერილი ხმამაღლა წაუკითხა: "თქვენი შვილი - გენიოსია. ჩვენს სკოლას არ აქვს შესაბამისი პროგრამა და არც შესაბამისი მასწავლებლები ჰყავს, თქვენს შვილს რაიმე განსაკუთრებული, რომ ვასწავლოთ, ამიტომ შეგიძლიათ სახლში ამეცადინოთ."
დედის გარდაცვალებიდან რამდენიმე წლის შემდეგ ედისონი (რომელიც იმ დროისათვის უკვე აღიარებულიყო როგორც საუკუნის გამომგონებელი) მის ნივთებს ათვალიერებდა და დღიურში წერილი იპოვა სადაც ეწერა: "თქვენი შვილი გონებრივად ჩამორჩენილია. ჩვენ არ შეგვიძლია ვასწავლოთ მას სხვებთან ერთად სკოლაში. ამიტომ გაძლევთ რეკომენდაციას ამეცადინოთ სახლში"
ედისონი დიდხანს ტიროდა, შემდეგ კი საკუთარ დღიურში ჩაწერა: "თომას ალვა ედისონი იყო გონებრივად ჩამორჩენილი ბავშვი. მაგრამ გმირი დედის წყალობით გახდა თავისი საუკუნის უდიდესი გენია"
აი,რა შეუძლიათ დედებს....


ნუ დასჯი!



"ცვლილება დაიწყეთ საკუთარი თავიდან! "


ბავშვის აღზრდის მეთოდებზე ძალიან ბევრი წერს, მაგრამ რომ დავფიქრდეთ, უპირველეს ყოვლისა ყველაზე მნიშვნელოვანი თავად უფროსი ადამიანის შეცვლაა. ტყუილად არ ამბობენ, რომ ბავშვები ჩვენი ანარეკლია! ჩვენი ჩვევები, საქციელი, ქმედებები ძალიან მოქმედებენ ბავშვებზე, რადგან ჩვენ მათთვის მაგალითი ვართ, რომელსაც ცდილობენ რომ მიბაძონ!
თუ მშობლები ღირსეულად იცხოვრებენ, მე მჯერა, რომ მათი შვილები კარგ ადამიანებად გაიზრდებიან. თავი არ დაზოგოთ და თქვენი სიყვარულისა და მზრუნველობის მაქსიმუმი გაეცით. ადამიანებს სიკეთით მოეპყარით და მათში დადებითი გრძნობებისა და ემოციების გაღვივებას ეცადეთ.



ფიზიკური დასჯა ბავშვის თვალებით - ყველა მშობლის საკითხავი
შვედმა მწერალმა ასტრიდ ლინდგრენმა, "კარლსონისა" და "პეპის" ავტორმა 1978 წელს ერთი ამბავი მოყვა იმის დემონსტრირებისთვის, თუ როგორ ხედავენ ბავშვები ფიზიკურ დასჯას.
"ერთხელ ერთ ქალს შევხვდი, პასტორის ცოლს. მასთან საუბარში გავარკვიე, რომ ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში გადაუწყვეტია, არასდროს ეცემა ბავშვი, რადგან არ სჯეროდა აღზრდის ამ მეთოდის. სინამდვილეში იმ დროს ბავშვების გაროზგვა ძალიან გავრცელებული იყო. ერთხელ მის 5 წლის შვილს ძალიან უცელქია და ქალს, მიუხედავად თავისი შეხედულებებისა, მაინც გადაუწყვეტია ბიჭის გაროზგვა. 
ქალმა ბიჭი ქუჩაში გაგზავნა, რომ თავადვე ეპოვა დასასჯელი წკეპლა. ბიჭი დიდხანს არ დაბრუნებულ
ა, ბოლოს კი მთლად ცრემლიანი მოვიდა,ქვით ხელში. უთქვამს: "დედა 
წკეპლა ვერ ვიპოვე, მაგრამ აი, ქვა, შეგიძლია, მესროლო".
უცებ ქალი მიხვდა, ბავშვის თვალებით ეს ყველაფერი ასე ჩანდა: თუ დედამ გადაწყვიტა, მცემოს, მაშინ არ აქვს მნიშვნელობა, რით გააკეთებს ამას, ქვითაც შეიძლება... დედა გაჩერდა, შვილს მოეხვია და ატირდა. მან ეს ქვა შეინახა, რომ ხშირად გაეხსენებინა ეს ამბავი და ის ფაქტი, რომ ფიზიკური დასჯა გამოსავალი არ არის".
ასტრიდ ლინდგრენმა დასძინა, რომ თუ სიტუაციას ბავშვის თვალებით შევხედავთ, შევძლებთ მას რაღაც სწორად ვასწავლოთ. 
მწერლის ნაამბობ ამ ამბავს საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება და განხილვა მოჰყვა. ერთი წლის შემდეგ კი შვედეთი პირველი ქვეყანა გახდა, სადაც აკრძალეს სკოლასა და სახლში ბავშვების ფიზიკური დასჯა.

წყარო mshoblebi.ge






მამის დარიგება 

- შვილო, ახლა მას აქვს პრივილეგია (სხვებისგან განსხვავებული უპირატესობა): გესაუბროს, გელაპარაკოს, აგიხსნას, გაგიმეოროს, მიგითითოს, გირჩიოს, დაგავალდებულოს, შეგაფასოს, გაგიწყრეს კიდეც, გაგჭოროს კიდეც, უნდო თვალით გიყუროს და ეს ყველაფერი გააკეთოს სიტყვების ფონზე: ,, ეეე, მე რა შემეშლება, მთელი 30 წელი აქ და აქ ვიყავიო’’. შესაძლოა მსგავსი სიტყვები არ თქვან, მაგრამ უსიტყვოდაც ბევრი თქვან. ცხოვრება ბევრ რამეს გასწავლის. სიტყვების არჩევანი ბევრია, უნდა აარჩიო ხოლმე ისინი.
-მაა, მოსმენა არ იციან?
- მოსმენა? იციან შვილო, ისიც იმისთვის, რომ ახლად გესაუბრონ, გელაპარაკონ, აგიხსნან, გიმეორონ, მიგითითონ, გირჩიონ, ვალდებულებები დაგაკისრონ, ახლებურად შეგაფასონ, გაგიწყრენ და გაგჭორონ უვიცობისა და უმეცრობისაგან. გვერდს ვერ აუვლი ამ ყველაფერს, ცხოვრება სად და როგორთან მოგახვედრებს არ იცი. იყავი დაკვირვებული, ამაზე კი შემეკითხები როგორო. აი ასე: ცდილობდე ყოველთვის კატეგორიებად დაყო ყოველივე, განსაზღვრო ყველას და ყველაფრის ადგილი. დააკვირდე სიღრმისეულად ყველაფერს და დაარქვა შენთვის ზუსტი სახელი. აი მაგალითად: განსაზღვრო ხალხი, რომლებსაც საზურგედ 30 წელი, ზოგს 40 წელი, ზოგსაც 50 წელი გაუხდია. მაგრამ ყველაფერს ის ხალხი გერჩიოს ვინც არ ლაპარაკობს საზურგეზე, განა იმიტომ რომ არა აქვთ, არა, გააჩნიათ და რეალურად აღიქვამენ ყველაფერს, არ მისტირიან წარსულს, არ იმშვიდებენ თავს, არ აბრუებენ სხვებს თავისი ძველებური ყოფით.
- მამი, წლები სატრაბახო არ ყოფილა, თავის ქებაა ხომ? მე ვცდილობ სხვამ შემაფასოს, სხვისი აზრი მაინტერესებს ჩემზე.
- ქებაა და თან როგორი. გითხარი თავის დამშვიდებაა ერთგვარი და დაცემული პრივილეგიის აღდგენა. სხვისი აზრის მოსმენა კარგია საკუთარ თავზე, მხოლოდ ისინი კარგად უნდა ასწონ-დასწონო, არ იმოქმედოს ავმა სიტყვამ, თავში არ აგივარდეს ხოლმე. მაგაზე ხომ ცალკე უნდა გესაუბრო. შესაძლოა გიკბინონ სიტყვით, გირჩიონ კბენით, იმოქმედონ გაცინებით, ჭორაობით. რას იზამ, ცხოვრება ესეთია შვილო და შევეცდები გასწავლო როგორ იცხოვრო.
- მამიი! - გოგონა მამას ჩაეხუტა ისე, რომ მამას უძნელდებოდა ფეხის გადადგმა. მათ გაიარეს ეზო და სახლში შევიდნენ. გოგონა უცებ მოსწყდა მამას ფეხიდან, სახლი დააბნელა, საყვარელ დედას ხომ ტორტზე სანთლები უნდა ჩაექრო, დაბადების დღის სანთლები.

წყარო/source: https://www.facebook.com/chvenvazrovnebT/


ფრაზები, რომელიც ბავშვს ხშირად უნდა უთხრათ - ფსიქოლოგის რჩევები

სასურველი ქცევა ბავშვსა და მშობელს შორის წლების განმავლობაში ყალიბდება და თუ ბავშვი ერთხელ არ დაუჯერებს უფროსს, ამით საგანგაშო არაფერი მოხდება. ამ დროს მშობელმა მაქსიმალურად უნდა აკონტროლოს საკუთარი ემოციები და არ დასაჯოს ბავშვი არც ფიზიკურად და არც ფსიქოლოგიურად.
ამ დროს ქცევის დადებითად ან უარყოფითად შეფასება საკმარისია, რომ ბავშვი სწორი პიროვნული სტრუქტურის მქონე ადამიანად ჩამოყალიბდეს - ეს არის ბავშვის აღზრდის თანამედროვე მიდგომა, რომელიც წინა თაობის ადამიანებისთვის და არა მხოლოდ მათთვის, არც ისე მარტივი გასააზრებელი და განსახორციელებლია. ბავშვის აღზრდისა და მისი დასჯის მეთოდებზე Allnews.ge-ს ექიმი-ფსიქოთერაპევტი და ევროპაში აკრედიტირებული გეშტალტთერაპევტი ლიკა თუშიშვილი ესაუბარა.
როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, როცა ბავშვი არ უჯერებს?
ასეთ დროს ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომაა, როცა მშობელი საჯარო სივრცეში იწყებს ბავშვის აღზრდას და ცუდ საქციელს საჯარო სივრცეში აკრიტიკებს. ამ დროს უმჯობესია, მშვიდი წყნარი ტონით აღნიშნოს ცუდი ქცევა. შეიძლება ეს კონკრეტული ქმედება არ იყოს შედეგიანი და მშობელმა ვერ მიიღოს მოსალოდნელი რეზულტატი, ანუ ბავშვმა ნათქვამი არ გაითვალისწინოს. ამ დროს, არავითარ შემთხვევაში, მშობელმა ყვირილი არ უნდა დაიწყოს. ისტერიკა და ტრაგიზმი საჭირო არაა, რადგან ქცევის ეს მოდელი სამუდამოდ იბეჭდება ბავშვის ფსიქიკაში. ის ვერასდროს მიგვიყვანს იმ საბოლოო შედეგამდე, რასაც ბავშვის ქცევის მართვა ქვია. სასურველი ურთიერთობა მშობელსა და შვილს შორის წლების განმავლობაში ყალიბდება.
დასჯას არ უნდა ჰქონდეს ძალადობრივი ფორმა. ძალადობა შეიძლება იყოს როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური. ჩქმეტა ან თმის მოქაჩვა, რაც ერთი შეხედვით მსუბუქი დასჯაა, არაა გამართლებული. ფსიქოლოგიური ძალადაობაა ნებისმიერი შეურაცხმყოფელი სიტყვის, მათ შორის უზრდელოს, თქმა. ეს ყველაფერი სამომავლოდ ადამიანის პიროვნულ სირთულეებს იწვევს. მშობელმა აგრესია არ უნდა გამოავლინოს და ის საკუთარი უარყოფითი ენერგიის მართვაზე უნდა იყოს პასუხისმგებელი. აგრესია ვერ მიგვიყვანს შედეგამდე, რომ შემდგომში ბავშვმა უფროსს დაუჯეროს. დამორჩილების ყველაზე სწრაფი ფორმა არის შიში, მაგრამ შიშში გაზრდილი ბავშვი ვერ იზრდება სწორი პიროვნული სტრუქტურის მქონე ადამიანად.
როგორ უნდა მოახრეხოს მშობელმა, რომ ბავშვი სრულფასოვან პიროვნებად ჩამოაყალიბოს?
ერთადერთი მიღებული ქცევა, რომელიც სწორი ღირებულებების ჩამოყალიბებას იწვევს, ისე რომ ბავშვის პიროვნული "მე" ჯანსაღი რჩება, ეს არის ქცევის შეფასება. ბავშვის ყველა ქცევა უნდა შევაფასოთ დადებითად ან უარყოფითად. რა თქმა უნდა, ეს არ ხდება ერთჯერადად. ქცევის ჩამოყალიბება არის წლებში გაწელილი პროცესი. მშობელი მუდმივად უნდა ლაპარაკობდეს ბევრს და სწორს. ნებისმიერი პატარა ფაქტის სწორი შეფასება უნდა ხდებოდეს. თუმცა მნიშვნელოვანია ბავშვმა იცოდეს, რომ ცუდი ქცევის დროს ის არ ხდება ცუდი. ის ყველა შემთხვევაში არის კარგი, მხოლოდ ქცევაა ცუდი. მხოლოდ ამ დისოცირების დროს, რომ ბავშვი კარგია და ქცევა არის ცუდი, ბავშვი აღარ იმეორებს ცუდ საქციელს. როცა მშობელი ამბობს, რომ ცუდი ქცევის დროს ბავშვიც ცუდი ხდება, ის პიროვნულად ჯდება ამ მოდელში და იჯერებს, რომ ცუდია. შესაბამისად, ვეღარ მართავს ცუდ ქცევას და მუდმივად ცუდი საქციელი გამოსდის.
სწორი პიროვნული სტრუქტურის ჩამოყალიბებისთვის საკმარისია იმის თქმა, რომ ეს ცუდი საქციელია?
კი, თუმცა ეს უნდა ხდებოდეს მუდმივად. უნდა შევუქმნათ მას მოტივატორები. კარგი მოტივაციაა, რომ გავახარო მამა, დედა, ახლობლები. მშობელმა უნდა აღნიშნოს, რომ შენ არ დამიჯერე და ეს ცუდი ქცევა შენნაირ დამჯერ შვილს არ უხდება. უნდა გამოკვეთოს, რომ თვითონ პიროვნება არის დამჯერი, მაგრამ შეცდომა მოუვიდა. ბავშვი თვითონ მიღებულია მშობლისთვის, მაგრამ ის ქცევა არ გამოუვიდა. ბავშვი მუდმივად უნდა გრძნობდეს, რომ მშობელს ვუყვარვარ, ვუნდივარ და ასეთ შემთხვევაში მშობლისთვის გაიმეორებს იმ კარგ საქციელს, რასაც მისგან ელიან.
ბავშვი არ უნდა ფიქრობდეს, რომ მშობლის მისდამი სიყვარული კონკრეტულ ქცევაზეა დამოკიდებული. ეს იწვევს დაბალ თვითშეფასებას და ბავშვთა დეპრესიას. მან უნდა იცოდეს, რომ მშობლისთვის ყოველთვის მიღებული იქნება. შეიძლება უფროსმა აქცენტი გააკეთოს იმაზე, რომ მას გაუხარდება, ბედნიერი იქნება თუ დაუჯერებს. დადებითი ემოციებით მანიპულირება არის ქცევის მართვის სწორი ფორმა. ამ დროს სწორი ფასეულობათა სისტემით და კარგი თვითშეფასებით იზრდება ბავშვი. მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან პატარა ასაკიდან უნდა დაიწყოს.
და თუ ამ ყველაფრის შედეგად, მაინც არ უჯერებს ბავშვი მშობელს?
მაინც არ უნდა დააძალო. მშობელს უნდა ჰქონდეს მოთმინების დიდი უნარი. ამ ერთი მომენტით ხომ არ სრულდება აღზრდის პროცესი? ერთ საათში შეუძლია მიუბრუნდეს, იგივე საკითხს, ან მეორე დღეს. უფროსი წყობიდან არ უნდა გამოვიდეს და არ უნდა დაავიწყდეს, რომ ყოველთვის ის არის პასუხისმგებელი. ბავშვს თავის არასწორ ქცევაზე პასუხისმგებლობა არ ეკისრება. მშობელი უნდა მიეხმაროს, რომ მან ეტაპობრივად შეძლოს თავისი ქცევის მართვა.
აღზრდის პროცესი წლებზე უნდა ჰქონდეს გათვლილი. თუ ერთხელ ან თუნდაც რამდენჯერმე ბავშვმა არ დაუჯერა, პიროვნულ ტრაგიზამმდე არ უნდა დაიყვანოს. უარყოფოთი ემოციებით მანიპულირებაც არასწორი ფორმაა. მაგალითად, ხშირად მსმენია, რომ გული მატკინე, ცუდად გავხდი, ან შენი დედა აღარ ვიქნები. ასეთი ფაქტები ბავშვებში დეპრესიულ განწყობას ქმნის, რასაც საბოლოოდ, ფსიქოემოციურ სირთულეებამდე მივყვარათ. ქცევის მშვიდი შეფასება საკმარისია. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია სტაბილურობა. რასაც დღეს ეუბნები, ხვალაც იგივე უნდა უთხრა. ბავშვისთვის გასაგები უნდა იყოს, რას ითხოვს მისგან მშობელი და ეს სურვილები უფროსის ხასიათის მიხედვით არ უნდა იცვლებოდეს.
რომელი ფრაზები ახდენს განსაკუთრებულ გავლენას ბავშვის ხასიათის ჩამოყალიბებაზე?
"შენ ეს არ შეგლიძლია! შენ ამას ვერ გააკეთებ!" - ეს არის ფრაზა, რომელიც ბავშვის განვითარებას ზღუდავს. უფროსმა ბავშვს ყოველთვის უნდა მისცეს საშუალება, რომ მან საკუთარი გამოცდილება მიიღოს. წარმატების მიღწევის ფსიქოლოგიური საფუძველი პატარაობაში მიღებული გამოცდილებაა. ხშირად თვითონ ამბობენ მშობლები, მე გაჭმევ, მე ჩაგაცვამ. ბავშვებს კი რჩებათ შთაბეჭდილება, რომ ვერ აკეთებენ და ხშირად ეს კომპლექსების სათავეა. პატარაობიდანვე უნდა ჰქონდეს საკუთარი მიღწევები. მხოლოდ საკუთარი გამოცდილებით ხდება უნარების გაუმჯობესება. საწყის ეტაპზე ეს შეიძლება საკუთარი ხელით კვება ან ჩაცმა იყოს, მომავალში კი ეს ბევრად უფრო მნიშვნელოვანი თვისებების ჩამოყალიბება იქნება. სწორედ ესაა ფრაზა, რომელიც ღრმად რჩება ადამიანის მეხსიერებაში და მომავალში წარმატების მიღწევაში ხელს უშლის.
მიმართვა "შენ ვინ გეკითხება. არ მაინტერესებს შენი აზრი" ასევე საოცრად ნეგატიურ გავლენას ახდენს პიროვნების ჩამოყალიბებაზე. ეს ბავშვს დაბალ თვითშეფასებას უვითარებს, ხელს უწყობს ჩაკეტილობას და შემდგომში თვითპრეზენტაციის სირთულეებს უვითარებს.
არ შეიძლება თქმა, რომ რაღაც დაგემართება. უარყოფითი ემოციებით მანიპულირება ძალიან ცუდია. ჩაიცვი, თორე გაცივდები, არ გადაირბინო, თორე მანქანა დაგეჯახება - ასეთი კონსტუქციით აწყობილი წინადადები იწვევს ფობიების განვითარებას. ბავშვის ქცევის სამართავად სწორი ფრაზებია: მე გამიხარდება, რომ ჩემ გვერდით იდგე და როცა მწვანე შუქი აინთება, მერე გადავიდეთ. მეტყველებით აქცენტი უნდა გაკეთდეს იმაზე, თუ რა არის გასაკეთებელი და არა იმაზე, თუ რა არ გააკეთოს.
არავითარ შემთხვევაში არ უნდა უთხრათ, რომ ზარმაცია.
ამ დროს ბავშვს პიროვნულ მოდელში ვსვამთ და ის მომავალშიც ამ მოდელით ცხოვრებას აგრძელებს. შეძახილი გადადის თვითრწმენაში და მისი ყოველდღიური შეგრძნება ხდება, რომ არ შეუძლია და არ გააკეთებს.
არ უნდა დაგვეზაროს შექება. ყოჩაღ, რომ მეცადინეობ! ბავშვისთვის მოტივაციაა, გახაროს საყვარელი ადამიანი. დედის გახარება რეალური უკუავშირია, რასაც ხედავს. ცალკე პიროვნული თვისებების გასაძლიერებლად, პიროვნულად უნდა შევაქოთ. ხშირად უთხარით ბავშვს: შენ ყველაზე კეთილი ხარ, ყველაზე ჯანმრთელი ხარ, ყველაზე მამაცი ხარ, ყველაზე ლამაზი ხარ. ყველაფერი რაც გვემეტება, უნდა ვუთხრათ. ბავშვი უნდა ხდებოდეს, რომ მშობელი სწორედ ამ თვისებების მქონედ ხედავს, სჯერა, რომ ასეთია. ასე უყალიბდება თვითშეფასება, რომელსაც მთელი შემდგომი ცხოვრების მანძილზე იყენებს. ამ დროს ბავშვი თავდაჯერებული და ზომიერად ამბიციური პიროვნება ყალიბდება.
ამ საკითხებზე მშობელთა ცნობიერება რამდენად მაღალია?
ნამდვილად ბევრმა მშობელმა არ იცის, როგორ უნდა შეძლოს ბავშვში ფასეულობათა სწორი სისტემის ჩამოყალიბება. მე პირადად, მუშაობის დროს დიდ დროს ვუთმობ მშობელთა კომპეტენციის მენეჯმენტს. საზოგადოება უნდა მივიყვანოთ იმის გააზრებამდე, თუ როგორ უნდა მიუდგეს იმ პრობლემას, რაც აწუხებს. სამწუხაროდ, ხშირად არ იღებენ ამ პასუხისმგებლობას მშობლები საკუთარ თავზე.
ნანა მღებრიშვილი
წყარო http://www.allnews.ge



რა შეიძლება გამოიწვიოს მშობლების გაუთავებელმა შეგონებებმა


ჩვენი გრძნობები და ქცევები ბევრადაა დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ აღვიქვამთ და როგორი მიმართულების ინტერპრეტაციას ვუკეთებთ ამა თუ იმ მოვლენას. ზნეობრივ ადამიანს უდიდეს სტიმულს ანიჭებს ნდობა, მით უმეტეს ახალგაზრდას.     

ზედმეტი ყურადღება, რჩევა-დარიგება და გაუთავებელი შეგონება სახიფათოდ ზღუდავს ადამიანის პიროვნულ თავისუფლებას. მაშინ, როცა „მხოლოდ თავისუფლებაში შეიძლება რეალობის შესაბამისი კონსტრუქციული არჩევანის გაკეთება“,-ამბობს ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა. 

გაუთავებელი  მითითებების, გამუდმებული კონტროლისა და დასჯის ნაცვლად, თუ მშობლები შეეცდებიან შვილის გრძნობების, მისი განცდების გაგებას და ხშირად ეტყვიან მას ”მე მესმის შენი“, მაშინ შვილები უფრო გულახდილები და ნაკლებად აგრესიულები გახდებიან. 
წყარო etaloni.ge


ბავშვები ხშირად ტირილით აღწევენ მიზანს- მნიშვნელოვანი და საინტერესო რჩევები დედებს


ეცადეთ გაუგოთ პატარებს. მათ ათასი აკრძალვის სამყაროში უწევთ არსებობა. ეკრძალებათ უამრავი, მათი აზრით საინტერესო და სახალისო რამ, მაგალითად, ფანჯრის რაფაზე აცოცება, ანთებულ ქურაზე ’’სადილის მომზადება’’, კედელზე არსებულ ორ პატარა ნასვრეტში რამის შერჭობა, ბასრი ნივთებით თამაში, კარადების გამოლაგება... 
ნუ დაამატებთ აკრძალვათა ნუსხას იმას, რაც უსაფრთხო, მაგრამ, საინტერესოა. განსაზღვრეთ პრიორიტეტები. სადაც დათმობა შესაძლებელია, დათმეთ. სადაც ზღვრის დადება აუცილებელია, ეცადეთ, ბავშვს ზრდასრული ადამიანივით მოელაპარაკოთ. აკრძალვას ან შეზღუდვას აუცილებლად მოაყოლეთ ახსნა-განმარტება მისთვის გასაგებ ენაზე. გაუზიარეთ თქვენი ემოციებიც.

თუ პატარა მისთვის საზიანო რამეს ითხოვს, უთხარით: ’’მიყვარხარ და როცა რამეს იშავებ, ვღელავ’’. მშობლების განწყობა ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია. ამასთან, უნდა იცოდნენ, რომ უფროსები ზრუნავენ მათზე.

რასაკვირველია, არსებობს პრინციპული მომენტებიც. ყველაფერი, რაც ბავშვის ჯანმრთელობას, უსაფრთხოებას, ჰიგიენას ეხება, განხილვას არ ექვემდებარება. ნუ შეუშინდებით ისტერიკის შეტევებს, თუნდაც ხალხმრავალ ადგილებში. ასეთ დროს მშობლები წუხან, მძაფრად განიცდიან გარშემო მყოფთა რეაქციას. შეეცადეთ, ბავშვს ყურადღება რამეზე გადაატანინოთ. თუ არ გამოვიდა, ხელში აიყვანეთ, ნჯღრევის, ყვირილის, ცემა-ტყეპის გარეშე გაარიდეთ იქაურობას.

ბავშვები ხშირად ტირილით აღწევენ მიზანს. უფროსების არათანმიმდევრული ქცევა მათ მანიპულირების საშუალებას აძლევს. თუ ბავშვისთვის რამე არ შეიძლება, ისტერიკის გამო პოზიციას ნუ დათმობთ. პრინციპულობა ამ შემთხვევაში აუცილებელია. არაფრით არ შეიძლება შეურაცხყოფა, ცემა, კუთხეში დაყენება, დაშინება. თუ ეტყვით, რომ კომპიუტერზე თამაშს, ეზოში ჩასვლას ან ტკბილეულს დღის ბოლომდე უკრძალავთ, ნუღარ გადათქვამთ.

ნუ აიძულებთ ბავშვს, დადოს პირობა, რომელსაც ვერ შეასრულებს და ნურც თავად დაჰპირდებით ისეთ რამეს, რის გაკეთებასაც ვერ შეძლებთ.
 ტყუილი დაპირება სიტყვას ფასს უკარგავს და მომავალში ბავშვთან შეთანხმება გაგიჭირდებათ.

თუ ბავშვი რამეს ხმამაღლა, ისტერიულად აპროტესტებს ხალხმრავალ ადგილას, ნუ ჩარევთ ’'მოლაპარაკების’’ პროცესში  ’’კეთილისმსურველებს’’. მათი წინადადებები: ’’ამ ჯიუტ ბაიას გუდიანს მოვუყვან’’, ’’მოდი, პატრულს გამოვუძახოთ’’ და სხვა, - უფრო მეტად გაამწვავებს ვითარებას. თავაზიანი უარით გაისტუმრეთ უცნობები და ეცადეთ, თავად გაართვათ თავი პრობლემას - ან გაარიდოთ პატარა იქაურობას, ან ყურადღება სხვა რამეზე გადაატანინოთ. თუ ბავშვი ისტერიკას არ წყვეტს, დაამყარეთ მასთან ვიზუალური კონტაქტი (გაუსწორდით იმ სიმაღლეზე, რომ თვალებში გიყურებდეთ). ასეთ დროს ახსნა-განმარტებას და ხვეწნა-მუდარას აზრი არ აქვს. მიიქციეთ ბავშვის ყურადღება, მკაფიოდ, მოკლედ, გასაგებად აუხსენით აკრძალვა, აკრძალვის მიზეზი და ჩხუბისა და ფიზიკური შეურაწყოფის გარეშე გაარიდეთ კონფლიკტის ადგილს.

იშვიათად შეიძლება ტაიმ-აუტის მეთოდის გამოყენებაც. ბავშვი, რომელიც, მიუხედავად მრავალგზის აკრძალვისა, მითითებისა ან თხოვნისა, თავისას არ იშლის, ცალკე ოთახში გაიყვანეთ, ოღონდ მანამდე გასაგებად აუხსენით თქვენი ქმედების მიზეზი და არსი: ’’შენ ახლა მეორე ოთახში გახვალ, დამშვიდდები და მოხვალ’’. მისი ტირილისა და ყვირილის ნუ შეგეშინდებათ. დარწმუნდით, რომ ოთახში ბავშვისთვის სახიფათო არაფერია და დატოვეთ იქ იმდენი წუთით, რამდენი წლისაცაა.

თანმიმდევრული, სტაბილური მოქმედება აუცილებლად გამოიღებს შედეგს. თუ ატყობთ, რომ ბავშვის ქცევა მისი ასაკისთვის შუფერებელია (მაგალითად, ოთხი წლიდან ბავშვი ტკბილეულის ან რაიმე უმნიშვნელო ნივთის ხელში ჩასაგდებად ისტერიკაში არ უნდა ვარდებოდეს), მიმართეთ სპეციალისტს და პრობლემის აღმოფხვრის სტრატეგია მასთან ერთად დაგეგმეთ.

წყარო: ჟურნალი ''ავერსი''


მშობლები ზარმაც შვილებს ხშირად წარუმატებელი მომავლით აშინებენ - რჩევები მშობლებს შვილებში სწავლის მოტივაციის გასაზრდელად


ბავშვის სწავლით დაინტერესება, არაერთი მშობლისთვის პრობლემატურ საკითხს წარმოადგენს. ეს ძირითადად დაბალ კლასებში ხდება. რა უნდა მოიმოქმედოს მშობელმა, რომ პატარა მოსწავლეს სწავლისადმი ინტერესი არ გაუქრეს და მისი მოტივაცია შემეცნებისადმი გაიზარდოს?

გთავაზობთ რჩევებს, რომლებიც ამ საკითხის მოგვარებაში დაგეხმარებათ:
ადეკვატური თვითშეფასების ჩამოყალიბება

ფსიქოლოგთა თქმით, ბავშვის დაბალი თვითშეფასების შემთხვევაში, სწავლის მოტივაცია იკლებს. ასევე უარყოფითად აისახება ზედმეტად მაღალი თვითშეფასება, რადგან ამ შემთხვევაში, მოზარდი შეცდომების აღიარებასა და გამოსწორებაზე უარს ამბობს. ამიტომაც აუცილებელია, ბავშვს ჩამოვუყალიბოთ თვითშეფასება, რომელიც მის ცოდნასა და შესაძლებლობებს შეესაბამება.

შექება კარგად შესრულებული დავალებისთვის

თითოეულ ბავშვს სჭირდება აღიარება და შექება მშობლებისგან. მაგრამ ნუ იჩქარებთ შვილის წარმატების ფულით წახალისებას, რადგან მან განათლების მნიშვნელობისთვის უნდა ისწავლოს და არა წამახალისებელი საჩუქრებისთვის.

ნუ შეაშინებთ მომავლით

მშობლები ზარმაც შვილებს ხშირად წარუმატებელი მომავლით აშინებენ, არადა ეს პერსპექტივა ხშირად გაუგებარია მათთვის, რადგან ბავშვები ჯერ კიდევ ვერ განჭვრეტენ საკუთარ ცხოვრებას შორეულ მომავალში. ამიტომაც, მხოლოდ იმის განხილვა ღირს, რაც მნიშვნელოვანია დღეს. თუ მოსწავლეს მათემატიკის სწავლა უჭირს, დაეხმარეთ სირთულის დაძლევაში, მაგრამ ნუ დაუწერთ სავარჯიშოს თავად. ასწავლეთ პრობლემის გადაჭრის მისეული გზები.

ასწავლეთ დამოუკიდებლად მეცადინეობა და საკუთარ შედეგებზე პასუხისმგებლობის აღება

თანამედროვე მშობლების უმრავლესობას არ აქვს სათანადო დრო ბავშვის განათლებაში აქტიური  ჩართულობისთვის. ამიტომაც, ძალიან მნიშვნელოვანია, პირველივე კლასიდან მიაჩვიოთ მოსწავლე დამოუკიდებლად მეცადინეობას და პასუხისმგებლობის აღებას საკუთარ ნიშნებსა და მიღწევებზე.

წყარო etaloni.ge



რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ ბავშვები შემოქმედებით პიროვნებებად ჩამოაყალიბოთ - რჩევები მშობლებს

სასკოლო სწავლების, მკაცრად განსაზღვრული სავალდებულო საგნებისა და ფიზიკური აქტივობების პარალელურად, ხშირად უყურადღებოდ რჩება ბავშვის მისწრაფება წარმოსახვითი თამაშისა და ხელოვნებისადმი.

ბავშვების შემოქმედებით პიროვნებად ჩამოყალიბების, ოცნებების ასრულების, წარმოსახვის უნარის განვითარებისთვის, მათში არსებული პოტენციალის სწორი გზით გასავითარებლად პატარებს მშობლების დახმარება სჭირდებათ.


გთავაზობთ რამდენიმე რჩევას:

1. სახლამდე ხანგრძლივი მოგზაურობა


სანამ სკოლიდან ან სხვა, ბავშვისთვის კარგად ნაცნობი ადგილიდან სახლში დაბრუნდებით, სთხოვეთ შვილს, მოძებნოს არასტანდარტული გზა შინისაკენ. შეცვალეთ ტრანსპორტი, იარეთ სხვა ქუჩით, თუ ფეხით მისეირნობთ, ერთად აღწერეთ გარემო, ადამიანები, ითამაშეთ „გამოცნობანა“, მაგალითად : ოჯახის რამდენი წევრი ცხოვრობს ამა თუ იმ სახლში, ჰყავთ თუ არა კატა და სხვა. ამ გზით ხალისიანად ურთიერთობთ შვილთან და მის წარმოსახვას ავითარებთ.


2. გაუხსენით წაროსახვას გზა თუნდაც საცობში ან მაღაზიის რიგში

ჰკითხეთ შვილს რას წაიღებდა უკაცრიელ კუნძულზე და რატომ? ან, თუნდაც რას მოამზადებდა ვახშმად და რა ინგრედიენტები დაჭირდებოდა კერძისთვის?  რა გზას იპოვიდა საცობისგან თავის დასაღზევად და სხვა. თამაშ - თამაშით დროც სწრაფად და პროდუქტიულად გავა.


3. წვიმიან დღეს, ცუდ ამინდში სახლში იპოვეთ შთაგონება 

სახლის პირობებში შემოქმედებითი ნიჭის გამოხატვის ერთერთი გზა კოლაჟების აწყობა და ნახატების შექმნაა. მიეცით შვილს სხვადასხვა საშინაო ნივთი, ღილები, ნაჭრები, ჭიქა და სთოხეთ თავისი წარმოსახვით საინტერესო კოლაჟი შექმნას. გახსოვდეთ, რომ ხელოვნება შექმნის პროცესში ისახება და არა საბოლოო შედეგში.


4. დააკვირდით და პატივი ეცით, როგორ აფასებს ბავშვი საკუთარ ნაშრომს

ჰკითხეთ შვილს თავისივე ნახატებიდან რომელი მოსწონს ყელაზე მეტად და რატომ. ნუ გამოარჩევთ ნაშრომს თქვენივე გემოვნებით. თუ მიიღებთ ბავშვისვე შეფასებას საკუთარ ნაშრომზე, მიხვდება, რომ პატივს სცემთ მის ხელოვნებას. კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანები მეტად კრეატიულები არიან მაშინ, როდესაც არ ფიქრობენ, როგორ შეაფასებენ მის ნაშრომს სხვები.


5. მიეცით საშუალება, წარმოსახვითი სამყარო გააცოცხლოს

ნუ გაბრაზდებით, თუ სახლს თავდაყირა დააყენებს. გადაადგილოს ავეჯი, იხტუნოს ლოგინზე და გადასაფარებლისგან გაშალოს აფრები თავისი გემისთვის. ეთამაშეთ მანამ, სანამ ბოლომდე არ გააცოცხლებს წარმოსახვას.
წყარო etaloni.ge

თუ დღის განმავლობაში გადატვირთულ გრაფიკი გაქვთ, ეს 6 რჩევა შვილებთან ურთიერთობას გაგიმარტივებთ

თანამედროვე ცხოვრება სულ უფრო აჩქარებულ რიტმსა და დატვირთულ გრაფიკს მოითხოვს საქმიანი ადამიანისგან. 

სიტუაცია მეტად მძიმდება, როდესაც კარიერულ წინსვლასა და ოჯახს შორის გიწევთ ყურადღებისა და ძალების განაწილება. თანამედროვე მშობლებს სულ უფრო ნაკლებად სცალიათ შვილების ცხოვრებაში აქტიური ჩართულობისთვის, რაც პრობლემებს ქმნის მათ ურთიერთობაში.

არსებობს თუ არა „ოქროს შუალედი“ და როგორ ვიპოვოთ ის?!


6 რჩევა დაკავებულ მშობლებს:

1. არ ღირს სახლში ძალიან მშიერი დაბრუნება 

დამღლელ სამუშაო დღეს დამატებული შიმშილის შეგრძნება თქვენს გაღიზიანებას იწვევს, რაც შინ დაბრუნებისას შვილის მონატრებულ დახვედრაზე უხეში პასუხის გამომწვევია. ეცადეთ, სამსახურის შემდეგ მსუბუქად წაიხემსოთ და ცოტათი მაინც მოიხსნათ დაღლილობა.

2. ნუ ჩაიძირებით საქმეში 

მთელი დღის განმავლობაში ფიზიკური და გონებრივი მუშაობა დაღლილობას, სისუსტესა და უხასიათობას იწვევს. ეცადეთ, დაივიწყოთ საქმიანი პრობლემები და ნეგატიური ემოციები არ გაიყოლოთ სახლში. ხშირად ბავშვები ვერ ხვდებიან თქვენი გაღიზიანების მიზეზს და განიცდიან მშობლისგან სიცივესა და უყურადღებობას, დამნაშავეს კი საკუთარ თავში ეძებენ.

3. ნუ აფიქრებინებთ ბავშვს, რომ თქვენთვის სამსახური მასზე მნიშვნელოვანია

ბავშვმა დარწმუნებით უნდა იცოდეს, რომ ის არის ყველაფერზე ძვირფასი თქვენს ცხოვრებაში. აუხსენით, რომ სამსახური საინტერესო და აუცილებელია თქვენთვის, რომ ის მოგწონთ, მაგრამ  შვილი ყველაფერზე მეტად გიყვართ. სწორად დაუწყვეთ პრიორიტეტები.

4. მშობლისთვის შვილთან ურთიერთობა პრიორიტეტული უნდა იყოს

როდესაც სახლში ხართ, რასაც არ უნდა აკეთებდეთ, მიეცით ბავშვს საშუალება თქვენთან ერთად ისაქმიანოს. თამაშ - თამაშით დაიხმარეთ კერძების მომზადებაში, სახლის ლაგებისას და ა.შ.

5. ნუ ისაუბრებთ ბავშვის მაგივრად

მშობელი ზრდასრული ადამიანია, რომელმაც, რა თქმა უნდა, ბავშვზე მეტი იცის და ესმის, მაგრამ ნუ შეზღუდავთ შვილს აზრის გამოთქმასა და თავისუფალ ქმედებებში, ნუ ისაუბრებთ მის მაგივრად. მიუდექით როგორც თანატოლს და უპასუხეთ მის კითხვებს, გაუზიარეთ საკუთარი გამოცდილება და დაინტერესდით მისი შეხედულებებით. ხელი შეუწყეთ ბავშვის თავდაჯერებულ აღზრდას.

6. სამსახური თქვენი და თქვენი ოჯახის კომფორტული ცხოვრების წყარო უნდა იყოს და არაფრით მეტი
თუ კარიერული წინსვლა თქვენი ცხოვრების მთავარი მიზანია, მაშინ ჯობს, შვილი საერთოდ არ იყოლიოთ. როდესაც მშობელი ხდებით, პასუხისმგებლობას იღებთ ახალ სიცოცხლეზე, მასზე ზრუნვა, მისთვის დროის გამოყოფა და სათანადო აღზრდა თქვენი ვალია.

მშობლებო, აგრძნობინეთ ბავშვს, რომ ისაა თქვენი ცხოვრების ამომავალი წერტილი.

წყარო etaloni.ge
                       


მავნე ჩვევები, პირადი ურთიერთობები - როგორ მივაწოდოთ გარდატეხის ასაკში მყოფს რჩევა სწორად









გარდატეხის ასაკის სირთულეები ყველასთვის ცნობილია. ამ პერიოდში მოზარდი საკუთარი თავის იდენტიფიცირებას და დამოუკიდებლობის დემონსტრირებას ცდილობს. შესაბამისად, პროტესტი თუ წინააღმდეგობა ოჯახში ბუნებრივ მოვლენად იქცევა ხოლმე. მშობელს კი, რომელიც შვილის უსაფრთხოებასა და წარმატებაზე ზრუნავს, კითხვა უჩნდება - როგორ მიაწოდოს მოზარდს რჩევა ისე, რომ მან სწორად გაიგოს? ამ თემაზე Etaloni.ge-ს ფსიქოლოგი ქეთი მესხიშვილი ესაუბრა. 

- რას ნიშნავს გარდატეხის ასაკი და რა სირთულეებს აწყდებიან ამ პერიოდში მოზარდის მშობლები?


- გარდატეხის ასაკი გარდმავალი პერიოდია პიროვნების ჩამოყალიბების გზაზე, ამიტომ მას სირთულეებიც ახლავს ხოლმე. მშობლებისთვის იმ უეცარი ცვლილებების გაგება, რომლებსაც საკუთარ შვილებში ხედავენ, ყველაზე რთულია. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ეს ყველასთან გასხვავებულად მიმდინარეობს. მაგალითად, ერთ დროს დამყოლი და მშვიდი ბავშვი შესაძლოა ჯიუტი და ფეთქებადი გახდეს და მშობლების მიმართ ძლიერი წინააღმდეგობა გაუჩნდეს. ეს ეტაპი იმპულსური და რადიკალური ქცევით გამოირჩევა. იმდენად დიდია მოზარდში დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვისა და აღიარების სურვილი, რომ ეს სარისკო ქცევასთან ხდება ხოლმე დაკავშირებული. მშობლებისთვის ამ დროს ზღვარის გავლება რთულია, თუ როდის უნდა ჩაერიოს და როდის - არა? რისი უფლება უნდა მისცეს შვილს და რისი - არა? ალბათ ეს ის კითხვებია, რომლებიც ამ დროს ყველაზე ხშირად უტრიალებს მშობელს თავში.

- სწორედ ამ კითხვების ფონზე, როგორი ურთიერთობა უნდა დაამყაროს მშობელმა გარდატეხის ასაკში მყოფთან? 

- მშობელი უნდა იყოს თანმიმდევრული, გულწრფელი და თანამშრომლური, თუმცა არ უნდა დაავიწყდეს, რომ მშობელია და შვილზე პასუხისმგებლობა აქვს. ამ ასაკში მოზარდები ცდილობენ ოჯახისაგან შორს იყვნენ და მშობლებმა აუცილებლად წესები უნდა დაუწესონ. მუდმივად შენიშვნების მიცემის მდგომარეობას და ჩხუბს, რომელიც სხვადასხვა თემას ეხება, უარესი შედეგი მოაქვს. ამიტომ აუცილებელია საკითხის განსაზღვრა, რის შემდეგაც ბავშვმა იცის რა აქვს ნებადართული, რა დრომდე და ა.შ.

- სიმკაცრე ან ყველაფრის დათმობა-რა მინუსები აქვს ურთიერთობის ამ ორ ვარიანტს? 


- არც მუდმივი აკრძალვა და არც ყველაფრის ნებადართულობა კარგი არ არის. როდესაც მშობელი მუდმივად რაღაცას უკრძალავს შვილს, მას დიდი აგრესია უჩნდება, რომლის შეკავებაც ვერ ხდება და თუ სახლში არა, გარეთ აუცილებლად გამოვლინდება. გარდატეხის ასაკში მოზარდი დამოუკიდებლობის მოპოვებას ისედაც ცდილობს, ამიტომ მუდმივი აკრძალვა გამართლებული არავითარ შემთხვევაში არაა. საჭიროა კონსტრუქციული დიალოგები, აზრების გაცვლა, ემოციების გაზიარება. რაც უფრო მეტად გამოხატავს მოზარდი საკუთარ შეხედულებებს, მით ნაკლებია იმის შანსი, რომ სარისკო ქცევას მიმართოს. რაც შეეხება მუდმივი დათმობის რეჟიმს, მშობლისთვის ესეც საშინელებაა. ზოგჯერ ჰგონიათ რომ შვილს ამით სირთულეებს აარიდებენ, რადგან კონფლიქტური გარემო არ შეიქმნება, მაგრამ ასე - არაა. 

მოზარდობის ასაკის წარმატებით გადასალახად, როგორც უკვე აღვნიშნეთ, წესები აუცილებელია. ეს მოზარდს, პირიქით, ეხმარება. მაშინაც კი როდესაც მოზარდი ამ წესების არსებობას აპროტესტებს, ის ამით საკუთარ აზრს აფიქსირებს, ხვდება მშობლის, როგორც ავტორიტეტის მოსაზრებას და უჩნდება გარკვეულობის განცდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. პირობითად - თუკი გარდატეხის ასაკში შვილი „გადის ოჯახიდან”, ანუ ავტორიტეტების ძიებას ოჯახის გარეთ იწყებს, შემდეგ ის ისევ „ბრუნდება ოჯახში“, როდესაც სახლში მისი მშობლები ავტორიტეტს მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ინარჩუნებენ. ყველა ოჯახმა წესები და პირობები ინდივიდუალურად უნდა შეიმუშაოს, რომლის გათვალისწინებაც აუცილებელი იქნება და რომლის შესრულების პასუხისმგებლობას მხოლოდ შვილებს კი არ მოსთხოვენ, არამედ თავადაც გაითვალისწინებენ.

- როგორც წესი, გარდატეხის ასაკში მყოფნი ყველანაირ რჩევას უარყოფითად იღებენ. ეს ეხება გარეგნობას, მავნე ჩვევებს, კარიერას თუ პირად ურთიერთობებს. როგორ უნდა მიაწოდოს მშობელმა შვილს რჩევა ამ პერიოდში, რომ მან სწორად მიიღოს? 

- გარდატეხის ასაკში არა მხოლოდ ფსიქოლოგიური, არამედ ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი ფიზიოლოგიური ცვლილებები მიმდინარეობს. შესაძლოა მოზარდს მისი გარეგნული ცვლილება არ მოსწონდეს, მითუმეტეს  ამაზე ვინმეს მითითება. გარდა ამისა, მათი ემოციური რეაქცია იმ ჰორმონალურ ცვლილებებსაც უკავშირდება, რაც მათში მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობს. 

გარდატეხის ასაკისათვის მოზარდის წინააღმდეგობრივი მდგომარეობა ძალიან ჩვეულებრივია, ამიტომ ეს არ უნდა გაგვიკვირდეს. ამ პერიოდში მათ სურთ თავად მიხვდნენ და თავად გადაწყვიტონ. ურთიერთობებისა და ზოგადად, დამოკიდებულებების გამორკვევის რეჟიმში იმყოფებიან. ყველაფერი ამის გათვალისწინებით, ზრდასრულებმა მეტი პატივისცემა უნდა გამოხატონ, როდესაც მოზარდი საკუთარ აზრს აფიქსირებს და რჩევების მიცემის ნაცვლად, უბრალოდ, კითხვები დაუსვან და პასუხები მოისმინონ. მხოლოდ მაშინ ურჩიონ, როდესაც ამას მოზარდი სთხოვს და არა მაშინ, როდესაც თავად მოისურვებენ საკუთარი სურვილების დასაკმაყოფილებლად.  

- და ბოლოს, რა პერიოდამდე გრძელდება ეს ასაკი და რამდენად სწორია ამ დროს შვილისთვის დამოუკიდებლობის მინიჭება?

- ეს ასაკი 12-დან 18-19  წლამდე გრძელდება. სრულად არა, რა თქმა უნდა, მაგრამ გარკვეული დოზით დამოუკიდებლობა მოზარდისათვის აუცილებელია. ის სულ მცირე იმას მაინც უნდა გრძნობდეს, რომ მას საკუთარი თავი ეკუთვნის და რომ ის მიღებულია როგორც პიროვნება. მისი დამოუკიდებლობის ხარისხი უნდა გაიზარდოს საკუთარ თავთან ურთიერთობაში და მშობელი მის პირად სივრცეში არ უნდა ჩაერიოს. 
წყარო etaloni.ge

1 комментарий:

  1. ძალიან საინტერესო რჩევებია.გირჩევთ ყველამ წაიკითხოთ!

    ОтветитьУдалить