VIII

რჩევები მასწავლებლებს

ლინკოლნის წერილი მასწავლებელს



ვიდრე ლინკოლნის შვილი სკოლაში სწავლას დაიწყებდა, აბრაამმა წერილი მისწერა მის მომავალ მასწავლებელს.

“ჩემი შვილი დღეს იწყებს სწავლას. ეს სრულიად უცხო თავგადასავალია მისთვის და მსურს ღირსეულად გაუძღვეთ მას ამ გზაზე. ყოველი თავგადასავალი თავისთავში ომს, ტრაგედიასა და ტკივილს გულისხმობს და წინსვლა, რომ შევძლოთ საჭიროა გქონდეს რწმენა, სიყვარული და მხნეობა.
ძვირფასო მასწავლებელო,
მან აუცილებლად უნდა გაიგოს, რომ ყველა ადამიანი კეთილი არ არის, თუმცა ასევე  მსურს იცოდეს,რომ ყოველი არამზადის უკან გმირი იმალება.
ასწავლეთ მას, რომ ყოველი მტრის წილ ერთი მეგობარია. ეს დიდ დროს მოითხოვს, ვიცი ასეა, მაგრამ მინდა ხვდებოდეს, რომ დოლარს რომელიც საკუთარი ოფლით გამოიმუშავა უფრო მეტი ფასი აქვს, ვიდრე 5 დოლარს, რომელიც შემთხვევით იპოვნა.
ასწავლეთ რა არის დამარცხება და უთხარით,რომ ისიამოვნოს გამარჯვებით. გაათავისუფლეთ შურისაგან და თუ შეძლებთ ასწავლეთ, გულწფელი ღიმილი.
ასწავლეთ, წიგნების ფასი, მაგრამ ამავდროულად ბუნების სიყვარულიც შთააგონეთ  – ისწავლოს დატკბეს ცაში მფრინავი ფრინველების ცქერით, ყვავილებისა და მწვანე მდელოების მზერით.
ასწავლეთ, რომ დამარცხება ბევრად უფრო ღირსეულია, ვიდრე ტყუილი და სითაღლითე.
ასწავლეთ საკუთარი იდეების რწმენა, იმ შემთხვევაშიც კი თუ მათ სხვები არ ეთანხმებიან.
ასწავლეთ იყოს კეთილი კეთილთა და მტკიცე მტკიცეთა მიმართ.
ასწავლეთ ყველა ადამიანის მოსმენა… და ამასთან ერთად კარგისა და ცუდის გარჩევასაც მიაჩვიეთ.
თუ შეგიძლიათ, ასწავლეთ გაიცინოს როცა მოწყენილია და უთხარით,რომ ცრემლები სირცხვილი არაა.
ასწავლეთ, როგორ შეიძლება გაყიდოს საკუთარი ინტელექტი და შესაძლებლობები, თუმცა ისიც შთააგონეთ, რომ სულისა და გულის გაყიდვა არ შეიძლება.
ასწავლეთ, თუმცა გულში ნუ ჩაიხუტებთ, გახსოვდეთ რომ მხოლოდ ცეცხლში იჭედება ფოლადი.
უთხარით ჰქონდეს საკუთარი თავის რწმენა და ადამიანთა მიმართ რწმენასაც არ დაკარგავს.
შეიძლება დიდი გამოწვევაა, მაგრამ მსურს დავინახო რა შეგიძლიათ. ის ხომ ასეთი კარგი ყმაწვილია – ჩემი საყვარელი შვილი!”
წყარო 4motivi.com
ჟან პიაჟეს რჩევები მასწავლებლებსშვეიცარიელი ფსიქოლოგი ჟან პიაჟე მასწავლებლებს ურჩევს:
ყურადღება გაამახვილონ მოსწავლეთა აზროვნების პროცესზე და არა მხოლოდ მის შედეგზე. მასწავლებელმა მოსწავლეს მხოლოდ პასუხი კი არ უნდა შეუმოწმოს, არამედ დაადგინოს, რა გონებრივი პროცესები გამოიყენა მან ამ პასუხის მისაღებად. სასწავლო პროცესები მხოლოდ მაშინ არის ეფექტური, როდესაც ემყარება ბავშვთა არსებული კოგნიტური განვითარების დონეს.
მასწავლებელმა უნდა გააცნობიეროს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლეთა ინიციატივა და აქტიური ჩართულობა სასწავლო პროცესში – ცოდნის გადაცემა პირდაპირ კი არ უნდა მოხდეს, არამედ მოსწავლეს საშუალება უნდა მიეცეს, თვითონ გააკეთოს აღმოჩენები გარემოსთან უშუალო ურთიერთობის შედეგად.
მასწავლებელმა უნდა გააცნობიეროს, რომ მოსწავლეთა განვითარების ტემპები განსხვავებულია და ეს გაითვალისწინოს სასწავლო პროცესში – პიაჟეს თეორიის თანახმად, განვითარების სტადიებს ყველა ბავშვი ერთნაირი თანამიმდევრობით, მაგრამ სხვადასხვა ტემპით გადის, ამიტომ მასწავლებელმა სასწავლო დავალებები ცალკეული ჯგუფებისთვის უნდა დაგეგმოს და არა მთელი კლასისთვის. შეფასებაც თითოეული ბავშვის ინდივიდუალური განვითარების გათვალისწინებით უნდა მოხდეს.







ალბერტ ბანდურას რჩევები მასწავლებლებს







ალბერტ ბანდურას რჩევები მასწავლებლებს. ფოტო: wordpress.com
ალბერტ ბანდურას რჩევები მასწავლებლებს. ფოტო: wordpress.com

გთავაზობთ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გამორჩეული სოციალურ-კოგნიტური თეორიის ავტორის, ალბერტ ბანდურას რჩევებს სპეციალურად მასწავლებლებისთვის:

აჩვენეთ მოსწავლეებს ახალი ქცევის მაგალითები, ამით თქვენ მათ ახალი ქმედებების სწრაფად ათვისებაში დაეხმარებით.
გახსოვდეთ, რომ ახლად ათვისებული მასალა ყოველთვის დაუყოვნებლივ არ ახდენს გავლენას მოსწავლის ქმედებაზე.
წააქეზეთ მოსწავლეები, ისეთი არჩევანი გააკეთონ, რაც მათი სწავლისთვის სასარგებლო იქნება.
გაამხნევეთ მოსწავლეები, პროდუქტიული მიზნები დასახონ.
ასწავლეთ მოსწავლეებს ეფექტური სწავლისა და ქცევის სტრატეგიები.
ბანდურას აზრით, 4 პირობაა აუცილებელი იმისთვის, რომ მოსწავლეებმა წარმატებით ისწავლონ სამაგალითო ქცევაზე დაკვირვებით: ყურადღება, შენარჩუნება, გამეორება, მოტივაცია.
გაკვეთილი ისე დაგეგმეთ, რომ მოსწავლეებს დავალების ნაწილის შესრულება დამოუკიდებლადაც შეეძლოთ.
მიეცით მოსწავლეებს საშუალება, რომ ერთმანეთს შორის პატარა კონფლიქტები თავად გადაჭრან. ჩაერიეთ იმ შემთხვევაში, თუ კონფლიქტი გაძლიერდა.
როცა მოსწავლეები იმპულსურად იქცევიან და ვერ ახდენენ საკუთარი ემოციების კონტროლს, მიეცით მითითებები და აუხსენით, რა შეიძლება მოჰყვეს მათ საქციელს.
წაახალისეთ მოსწავლეები, რომ თავიანთი ნამუშევარი და პროგრესი შეაფასონ.
წაახალისეთ მოსწავლეები, რომ თანაკლასელებს რჩევისთვის და დახმარებისთვის მიმართონ.
ასწავლეთ მოსწავლეებს დავალებების დაგეგმვის კონკრეტული სტრატეგიები.


რჩევები მასწავლებლებს - აბრამ მასლოუ


აბრაჰამ მასლოუ, მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის გამოჩენილი ამერიკელი ფსიქოლოგი, რომელიც მსოფლიოში ცნობილი გახდა ე.წ. "ადამიანის მოთხოვნილებათა პირამიდის” შექმნით, მასწავლებლებს ურჩევს: მასწავლებელი უნდა იყოს სწავლის ფასილიტატორი; გულწრფელობა და ნამდვილობა ხელს უწყობს სწავლებას; დაფასება, კეთილგანწყობა, პატივისცემა და ნდობა ასევე უწყობს ხელს სწავლების პროცესს; მასწავლებელმა უნდა მოუსმინოს მოსწავლეს, პასუხი გასცეს და რეაგირება მოახდინოს მის ნათქვამზე; ემპათია ხელს უწყობს სწავლებას. ჩამოთვლილი ფაქტორები მოსწავლეებს უღვივებს თვითრეალიზაციისკენ სწრაფვას, უმაღლებს მოტივაციას. თუ სწავლის სურვილი გაუღვივდა, მოსწავლე თავად წარმართავს სწავლის პროცესს. მოსწავლეს უნდა სჯეროდეს, რომ მასწავლებელი სამართლიანია და რომ შეცდომის შემთხვევაში მას არ დასცინებენ.

მასლოუს მოტივაციის იერარქიული თეორიის ცოდნა მასწავლებელს საშუალებას აძლევს დაადგინოს, იერარქიის რომელ საფეხურზეა მოსწავლე, განსაზღვროს, რა მოტივები უდევს საფუძვლად სწავლას. ამის შედეგად შესაძლებელია სწავლის ადეკვატური სტრატეგიების შემუშავება და სასწავლო პროცესში მოსწავლის ჩართულობის უზრუნველყოფა. სწავლა მნიშვნელოვანი ხდება მოსწავლისთვის, თუ ის მის პიროვნულ ინტერესებს შეესატყვისება, და მიუღებელი და საშიში, თუ იგი საფრთხეს უქმნის მის მეს (რთული მასალა, ახალი ტიპის დავალებები, ახალი მოთხოვნები). ამ შემთხვევაში აუცილებელია, მოსწავლის შიში და შფოთვა მინიმუმამდე დავიყვანოთ.
სწავლაში მოსწავლის მიერ გამოჩენილ ინიციატივას ხანგრძლივი და მყარი ეფექტი აქვს. მასწავლებელს მოქნილი შეხედულებები და დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს. საგნის სწავლებასთან ერთად მიაქციეთ ყურადღება მოსწავლეთა ურთიერთდამოკიდებულებას, მოსწავლე-მასწავლებლების ურთიერთობას; იყავით ღია როგორც დადებითი, ისე უარყოფითი უკუკავშირის მისაღებად, საკუთარი თავისა და ქცევის გასაანალიზებლად.
აბრაჰამ მასლოუმ "პირამიდაში” საფეხურებად დაალაგა ადამიანის მოთხოვნილებები. ქვედა საფეხურზე ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებია მოთავსებული, რომელთა გარეშეც ადამიანის ბიოლოგიური არსებობა შეუძლებელია. მათ მოსდევს სხვა მოთხოვნილებები, სოციალურიდან პიროვნულ, სულიერ და შემეცნებით მოთხოვნილებებამდე.
მასლოუს თანახმად, "პირამიდა” აჩვენებს, საშუალოდ როგორი თანამიმდევრობით იკმაყოფილებს ადამიანი თავის მოთხოვნილებებს. მას მიაჩნდა, რომ პირველი დონის, ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები თანდაყოლილი და ნიშანდობლივია ყველა ადამიანისთვის. მათ რიცხვში შედის საკვები, წყალი, სამოსი, სექსი (შთამომავლობის გაგრძელება). უფრო მაღალი დონის მოთხოვნილებები კი ჩნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა დაკმაყოფილებულია წინა დონის მოთხოვნილებათა განსაზღვრული ნაწილი. ანუ უსაფრთხოებისა და წესრიგის მოთხოვნილებები ჩნდება მას შემდეგ, რაც ადამიანი დაიკმაყოფილებს ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებათა არანაკლებ 85 პროცენტს.
სოციალური მოთხოვნილებები (მეგობრობისა, პატივისცემისა, აღიარებისა, სიყვარულისა) ჩნდება იმ შემთხვევაში, როდესაც დაკმაყოფილებულია უსაფრთხოების მოთხოვნილების 70 პროცენტი.
იმისთვის, რომ ადამიანს გაუჩნდეს პატივისცემისა და აღიარების მოთხოვნილება, რომელიც განსაზღვრულ სოციალურ სტატუსამდე და დამოუკიდებლობადე მიღწევას გულისხმობს, სოციალური მოთხოვნილებები 70 პროცენტამდე უნდა იყოს დაკმაყოფილებული.
თავმოყვარეობის 60 პროცენტის დაკმაყოფილებისას ადამიანს უჩნდება თვითაქტუალიზაციის, თვითგამოხატვის, საკუთარი შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზაციის მოთხოვნილება. ამ უკანასკნელი მოთხოვნილების დაკმაყოფილება ყველაზე ძნელია, მაგრამ თვითრეალიზაციის 40 პროცენტის მიღწევისას ადამიანი უკვე ბედნიერად გრძნობს თავს. თუმცა ამ დონეს მსოფლიოს მოსახლეობის მხოლოდ 1-4 პროცენტი თუ აღწევს.

დევიდ პერკინსის რჩევები მასწავლებლებს


. როდესაც ახალ მასალას ხსნით, იმავდროულად ასწავლეთ მოსწავლეებს, როგორ ისწავლონ ეს მასალა.
. დროდადრო სთხოვეთ, ერთად, წყვილ-წყვილად ან პატარა ჯგუფებად იმეცადინონ.
. გააცანით ახალი სტრატეგიები: ჩანაწერების გაკეთება, მასალის გადამუშავება, საკუთარი თავისთვის კითხვების დასმა და სხვ.
. დაეხმარეთ ამ სტრატეგიების ათვისებაში, მიანიშნეთ, როდის შეიძლება მათი გამოყენება.
. მათთვის გასაგებ ენაზე აუხსენით, რატომ არის სასარგებლო სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენება.
. მიუთითეთ გარემოებებზე, როდესაც ამა თუ იმ სტრატეგიის გამოყენება განსაკუთრებით სასარგებლოა.
. მიეცით საშუალება, თითოეული სტრატეგია სხვადასხვა კონტექსტში გამოიყენონ.
. გააცანით სასწავლო პროცესის "საბოლოო პროდუქტი”.
. აჩვენეთ, რა ღირებულება აქვს ამა თუ იმ საკითხის შესწავლას.
. ყურადღება გაამახვილეთ რთულ საკითხებზე.
. დაეხმარეთ მოსწავლეებს ცოდნის გამოყენებაში.
. გააცანით მათ თემის ან საკითხის მიღმა არსებული ლოგიკა, პრინციპი;
. განუვითარეთ თანატოლებისგან სწავლის უნარი.
ასწავლეთ მოსწავლეებს სწავლა.

წყარო  mastsavlebeli.ge

5 რჩევა მასწავლებლებს გია მურღულიასგან

1. გააცნობიერებინეთ უმთავრესი ღირებულებები და მათი ერთგულება; 
2. ჯერ ყოველთვის აჩვენეთ პირადი მაგალითი; 
3. სჯობს ასწავლოთ ერთი რამ ათი სხვადასხვა კუთხით, ვიდრე ათი რამ – ცალმხრივად; 
4. გიყვარდეთ თქვენი მოსწავლე – მიუხედავად ყველაფრისა. გახსოვდეთ, რომ თქვენც იყავით ბავშვები; 
5. ისწავლეთ, რათა ასწავლოთ.
წყარო mshoblebi.ge 




როგორ გავართვათ თავი მასწავლებლის საქმიანობას


 a-  A+ 

ახალბედა მასწავლებლების უმეტესობას ჰგონია, რომ მასწავლებლად მუშაობა ძნელია, მერე კი აღმოაჩენენ, რომ ეს საოცრად ძნელი ყოფილა! შეუძლებელია, მუდამ საუკეთესო იყო და შეცდომა არასოდეს მოგივიდეს, ყველა მოსწავლისა გესმოდეს და არასოდეს დაკარგო წონასწორობა, არ გიღალატოს რაციონალიზმმა და პროფესიონალიზმმა.
წერილში აღწერილი სამუშაო პრაქტიკა მხოლოდ და მხოლოდ საორიენტაციოდ გამოგადგებათ. ნუ გექნებათ მოლოდინი, რომ ქვემოთ მოცემული რჩევებით ყოველგვარ სიტუაციაში იხელმძღვანელებთ – გაგიმართლებთ, თუ გაკვეთილის მოსამზადებლად აუცილებელი დრო და  რესურსები გამონახეთ.
ეცადეთ, რაც შეიძლება ეფექტურად გამოიყენოთ დრო. შეინახეთ და დახვეწეთ დავალებების, თამაშებისა და საგაკვეთილო გეგმების ტექსტები. თვითორგანიზება დროის ეკონომიის საწინდარია, მაგრამ შესაძლოა, ყველაფერში გასარკვევად ორი-სამი წელი დაგჭირდეთ. შეგიძლიათ თუ არა, საქმე კოლეგასთან გაიყოთ? მოიპოვება თუ არა თქვენს სკოლაში (ან ინტერნეტში) მზა მასალა?
დროის ეფექტურად გამოყენება

დრო თქვენი ცხოვრებაა, ამიტომ გონივრულად ხარჯეთ. განსაზღვრეთ პრიორიტეტები, ორიენტაცია აიღეთ იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანი და სასწრაფოა საქმე. დრო დაუთმეთ მხოლოდ იმას, რაც მართლაც აუცილებელია (მაგალითად, მოსწავლეებთან დიალოგს).
მასწავლებლის იდეალური ორგანაიზერია საქაღალდეთა ნაკრები, რომელიც შეიცავს:
  • განრიგს;
  • კლასში მოსწავლეთა განლაგების გეგმას;
  • გაკვეთილების თანმიმდევრულ გეგმას;
  • თემატურ გეგმასა და „იდეათა ბანკს“ – სწავლების მეთოდებსა და მიდგომებს ყოველი თემისათვის: თამაშებ, დავალებებს, ექსპერიმენტებს, საინტერესო ფაქტებს და სხვ.;
  • დავალებათა ტექსტებს, ტესტებს, დასარიგებელ მასალას და სხვ.;
  • „სამუშაო“ ასლებს, რომლებზეც დავალებების დახვეწისა და სრულყოფის მიზნით შენიშვნებს გააკეთებთ;
  • შეფასების კრიტერიუმთა სისტემის ვარიანტების შეფასებას;
  • დასარიგებელი მასალის საქაღალდეებს, კოდოფირებს და ა.შ.;
  • საკურსო დავალებების ჩაბარების, მეოთხედის დასასრულის, საანგარიშო მასალების ჩაბარების და სხვ. თარიღებით გაწერილ წლიურ გეგმას.
ხმის შესანარჩუნებლად
● გაკვეთილის განმავლობაში სვით წყალი – ეს ატენიანებს ხორხს;
● ნუ ეცდებით გაკვეთილზე ხმაურის ყვირილით გადაფარვას. ყურადღების მისაპყრობად შემოკარით ტაში და დაელოდეთ კლასის გაჩუმებას.
● ჩახველება ძაბავს ყელს, ამიტომ ეს ფრთხილად გააკეთეთ ან უბრალოდ მოსვით წყალი.
● გამოიყენეთ მიდგომა „სწავლება ლაპარაკის აუცილებლობის გარეშე“ (იხ საიტი www.geoffpetty.com).

როგორი მასწავლებელი ხართ – აქტიური თუ პასიური?

ყველამ იცის, რომ არსებობენ აქტიური და პასიური მოსწავლეები, მაგრამ ის თუ იცოდით, რომ აქტიური და პასიური მასწავლებლებიც არსებობენ? თუ თქვენ აქტიური მასწავლებელი ხართ, მაშ, თქვენი დევიზი უნდა იყოს „ხელში აიღეთ სადავეები და აკონტროლეთ“ და „მე შემიძლია ყველაფრის უკეთესობისკენ შეცვლა“. თქვენ იღებთ პასუხისმგებლობას, აქტიურად ეძებთ პრობლემებს და ცდილობთ მათ გადაჭრას. თუ რომელიმე მიდგომა არ „მუშაობს“, უფრო დაჟინებით მოქმედებთ, ხოლო თუ ესეც არ შველის, ცვლით მიდგომას.
მაგალითად, თუ დავალებების დროულად ჩაბარების პრობლემა წარმოიშვა, კლასთან ერთად განიხილავთ შექმნილ სიტუაციას, ყურადღებას ამახვილებთ დავალების დროულად შესრულების აუცილებლობაზე. თუ ამან არ გაჭრა, ალტერნატიულ მიდგომას მოსინჯავთ: მოსწავლეებს ეკითხებით, რა უშლით ხელს, მერე დავალებას პატარ–პატარა საფეხურებად ყოფთ და მათზე სათითაოდ იწყებთ მუშაობას. შეგიძლიათ შეამოწმოთ შედეგები, როცა სამუშაოსთვის განკუთვნილი დროის ნაწილი გავა, რჩევისთვის მიმართოთ კოლეგებს და ა.შ. ერთი სიტყვით, ცვლილებებთან ადაპტაცია სცადოთ და გამუდმებით ეძებოთ შედეგების გაუმჯობესების გზები.
თუ პასიური მასწავლებელი ხართ, თქვენი დევიზია „ეს ჩემი ბრალი არ არის“ და „მე ვერაფერს გავხდები“. მიგაჩნიათ, რომ პრობლემები დამოკიდებულია განსაზღვრულ ფაქტორებზე, რომელთა კონტროლი თქვენს ხელთ არ არის, მაგალითად, თანდაყოლილ ნიჭზე, საგნის თავისებურებებზე ან თქვენთვის გამოყოფილ რესურსებზე. თუ ამან არ გაამართლა, ადანაშაულებთ გარეგან ფაქტორებს: თავად მოსწავლეებს, დირექტორს, შეზღუდულ რესურსებს – და ხელებს უმწეოდ შლით.
კვლევები მოწმობს, რომ პრობლემის ანალიზის დროს აქტიური და პასიური ადამიანები სხვადასხვა ასპექტებზე ამახვილებენ ყურადღებას.
აქტიური ადამიანები კონცენტრირებულნი არიან:
  • პროცესზე: „რა უნდა გაკეთდეს ამის შემდეგ?“;
  • გაუმჯობესებზე: „როგორ შეიძლებოდა ამის უკეთ გაკეთება?“;
  • პოზიტივზე: „ასეა თუ ისე, ამ ფაქტორმა არცთუ ურიგოდ იმუშავა“;
  • გამოცდილებაზე: „რა დასკვნის გამოტანა შეიძლება აქედან?“.
მაშინ როდესაც პასიური ადამიანები კონცენტრირებულნი არიან:
  • შესაძლო უარყოფით შედეგებზე: „ეს კატასტროფა იქნება!“;
  • პერფექციონიზმზე: „არასოდეს გამომივა კარგად“;
  • ნეგატივზე: „ეს საშინელება იქნება!“;
  • „დამნაშავის“ ძებნაზე: „ეს მოსწავლის ბრალია“.
აქტიური ან პასიური პოზიცია შეიძლება გქონდეთ სამსახურში არსებული სირთულეების, პირადი ურთიერთობების, ბავშვების აღზრდის, პირადი პრობლემების და სხვა ყველაფრის მიმართ. გასაკვირი არ არის, რომ, კვლევების თანახმად, „აქტიური პოზიცია“ ეფექტური მუშაობის განმსაზღვრელი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. პასიურ პოზიციასა და დაუკმაყოფილებლობის მდგომარეობას შორის ძლიერი ურთიერთკავშირია.
აქტიურ პოზიციას დაიკავებთ თუ პასიურს, თქვენი არჩევანია, მაგრამ იცოდეთ: აქტიური პოზიცია გაცილებით უკეთესია თქვენთვისაც და თქვენი მოსწავლეებისთვისაც. ვერ ვიტყვით, თითქოს სხვები სირთულეებს არ გვიქმნიდნენ ან არ არსებობდეს გარემოებები, რომელთა მართვა ჩვენზე არ არის დამოკიდებული, მაგრამ, თქვენი მხრივ, პრობლემის მინიმუმამდე დასაყვანად ყველაფერი უნდა იღონოთ.
მუდმივ სირთულეებზე აქტიური რეაგირება ადვილი არ არის. ამ დროს ზოგიერთი მასწავლებელი ცინიზმამდე ეშვება. ეს არაჯანსაღი მდგომარეობაა, რომელიც მასწავლებელსაც ვნებს და მოსწავლესაც, ამიტომ ეცადეთ, საკუთარი პრობლემები მოსწავლეებსა და კოლეგებთან განიხილოთ. თუ მათაც აწუხებთ მსგავსი პრობლემები, მათი გადაჭრა ერთობლივად უფრო გაგიადვილდებათ. თუ სხვას ეს პრობლემები არ აქვს, შეგვიძლია, მისგან ავიღოთ მაგალითი. დახმარების თხოვნა ან რჩევის კითხვა სულაც არ ნიშნავს საკუთარი უძლურების აღიარებას, პირიქით – ეს უმაღლესი პროფესიონალიზმია.

 რ
 სრულ განაკვეთზე მუშაობის პირველი წელი თქვენს პედაგოგიურ კარიერაში ყველაზე რთული წელი იქნება. გაკვეთილზე საჭიროზე მეტს ნუ გააკეთებთ; გახსოვდეთ, რომ სამუშაო მოსწავლეებმა უნდა შეასრულონ და არა თქვენ! პედაგოგის სამუშაო ერთ–ერთი ყველაზე სტრესული სამუშაოა – ნუ მიმართავთ განტვირთვის ისეთ საშუალებებს, როგორებიცაა მოწევა ან ალკოჰოლი. გამონახეთ დრო განტვირთვისთვის და ნუ გექნებათ ამის გამო დანაშაულის განცდა; განაწილეთ სამუშაო პრიორიტეტების მიხედვით და ისწავლეთ უარის თქმა, როცა ისედაც დატვირთული ხართ.
აქტიური პოზიციის ქონა ერთია, საკუთარი თავისთვის გადაჭარბებული მოთხოვნების წაყენება კი – მეორე. ნუ მოსთხოვთ საკუთარ თავს იმაზე მეტს, ვიდრე სხვებისგან ითხოვთ. თქვენ ვალდებულება გაკისრიათ არა მხოლოდ მოსწავლეების, არამედ საკუთარი თავისა და ოჯახის წინაშეც.
რაც მოგეთხოვებათ, განსხვავებულ სიტუაციებში საუკეთესოდ მოქმედებაა, განსაკუთრებით – ისეთ სიტუაციებში, სადაც პასუხისმგებლობა არ გაკისრიათ.
მარტო თუ გუნდურად?

შეუძლებელია, არ მოგიწიოთ მუშაობა პედაგოგთა გუნდში. სწორედ ეს არის პედაგოგის სამუშაოს როგორც მთავარი ხიბლი, ისე მთავარი სირთულეც. როცა მე მასწავლებლად დავიწყე მუშაობა, ჩვენს კოლექტივში იყო ერთი ხანდაზმული პედაგოგი. შუალედური შეფასებები მასზე გახლდათ დამოკიდებული. ის გამუდმებით აგვიანებდა შეფასებებს, მე კი სითამამე არ მყოფნიდა, მეთქვა მისთვის, როგორ გვაბრკოლებდა ამით მეც და მოსწავლეებსაც.
თუ გიჭირთ გუნდის წევრების დარწმუნება, რომ ვადების დაცვა ან მობილიზება ისწავლონ, სცადეთ ღირებულებებზე აპელირება. ქვემოთ მოყვანილ მტკიცებულებათაგან რომელი გეჩვენებათ უფრო დამაჯერებლად?
  • ორშაბათისთვის კლასის შეფასებები მჭირდება.
  • ჩვენი ხარისხის მართვის სისტემა ითხოვს, შეფასებები ორშაბათისთვის იყოს მზად.
  • ვისურვებდი, ორშაბათისთვის მოსწავლეებმა მიიღონ შეფასებები და მიეცეთ თქვენი კომენტარების გაცნობის საშუალება.
მოსწავლეთა მოთხოვნებს იმაზე მეტი მნიშვნელობა აქვთ, ვიდრე თქვენ და პედაგოგიურ სისტემას.
კოლეგა პედაგოგის „მედლით“ დაჯილდოება თუ მისთვის „მისიის“ დასახვა თითქოს არ არის ადვილი, მეტადრე მაშინ, როცა ის თქვენზე უფროსია, მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ ყველა კოლეგას სთხოვთ საგნის სწავლების შედეგიანობისა და ხარისხის თვითშეფასებას (სავსებით შესაძლებელია, თქვენს დაწასებულებაში იყოს მსგავსი მოთხოვნები). თქვენს კოლეგებს მოუწევთ, განსაზღვრონ საკუთარი საქმიანობის როგორც ძლიერი, ისე სუსტი მხარეები, თქვენ კი ეს „მედლებისა“ და „მისიების“ ჩამოყალიბებაში დაგეხმარებათ.
გაუზიარეთ კოლეგებს თქვენი მოსაზრება იმის თაობაზე, რა სარგებლობა მოაქვს მათ სამუშაოს. ისინი იგრძნობენ, რომ მათ აფასებენ და პატივს სცემენ. იფიქრეთ, უკეთ როგორ მოახერხოთ ეს – არაფორმალურად და პრივატულად თუ ფორმალურად და საჯაროდ. თუ კოლეგები იგრძნობენ, რომ აფასებთ მათ, აღარც იმის განცდა გაუჩნდებათ, რომ „გადაეკიდეთ“ და თავდაცვით პოზიციას აღარ დაიკავებენ.
ბავშვების ინტერესების დაცვა განსაკუთრებულ ძალას შეგძენთ. თუ გადაწყვეტილების მიღებისას ყოველთვის მოსწავლეთა ინტერესებს დაეყრდნობით, შეკრული და ეფექტური გუნდის შექმნასაც შეძლებთ.
წყარო:
1.Geoff Petty.Teaching Today a Practical Guide. 4-th Edition Publisher: Oxford University Press.. 2009, p.611-615


შესაძლებელია თუ არა, გავუღიმოთ ყველას? - პასუხიც აქვეა - შეიძლება პეტრე არ მოგწონდეს, მაგრამ, ზოგადად, ადამიანი ხომ გიყვარს? - ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა

''შესაძლებელია თუ არა, გავუღიმოთ ყველას? - პასუხიც აქვეა - შეიძლება პეტრე არ მოგწონდეს, მაგრამ, ზოგადად, ადამიანი ხომ გიყვარს? აი, ზოგადად, რომ გიყვარს იმ ადამიანს გაუღიმე იმ პეტრეში და თუ ამასაც ვერ ახერხებ, შენს თავს გაუღიმე მასში.'' - აღნიშნულის შესახებ ფსიოლოგმა ნანა ჩაჩუამ აჭარის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
''ხშირად იციან თქმა: მე ფარისეველი კი არა ვარ, თუ ადამიანი არ მომწონს, იმას გავუღიმო. შეიძლება პეტრე არ მოგწონდეს, მაგრამ ზოგადად, ადამიანი ხომ გიყვარს. აი, ზოგადად რომ გიყვარს, იმ ადამიანს გაუღიმე იმ პეტრეში. შენ გახსოვს, რომ ძალიან ცუდად მოგექცა, შენზე რაღაცა თქვა და ამიტომ, დიახაც, ამბობ: - მე რატომ უნდა გადავდგა პირველი ნაბიჯი. ვინ გითხრა, რომ არ უნდა გადადგა, შენ ეუბნები ამას შენს თავს. აი, როდესაც გამარჯობას ეტყვი, გაუღიმებ და შეიძლება დაგიბრუნოს გამარჯობა და დავუშვათ, ასე თქვა: - რას მეუბნობოდა ეს გამარჯობას, შენ ხარ ამ დროს კარგად. ყოველთვის უნდა გახსოვდეს, რომ შენ იყო კარგადარასდროს არა ხარ კარგად, როდესაც ვინმეს მიმართ ნეგატიურად ხარ განწყობილი. არასოდეს, არცერთმა ადამიანმა არ თქვას, რომ თუ ვინმეს მიმართ აქვს რაიმე ნეგატიური, აგრესიული, ანგარიშსწორების განწყობილება, რომ ის თვითონ კარგად არის. ის შინაგანად არასოდეს არ არის კარგად. შეიძლება მხიარულობდეს, იცინოდეს, მაგრამ შინაგანად მაინც არ არის კარგად. შეიძლება ის კონკრეტული ადამიანი თავისი ქცევიდან გამომდინარე არც ელოდებოდეს შენგან ამ კეთილგანწობილებას, მაგრამ მასში ელაპარაკე იმ ზოგად ადამიანს, რომელიც შენ გიყვარს. შენს თავს ელაპარაკე ბოლოსდაბოლოს მასში. შენ მიესალმე მასში შენს საკუთარ თავს, შენს საკუთარ მეს. ყოველი ადამიანი, მეორე ადამიანთან მიმართებაში მხოლოდ თავის თავს ამჟღავნებს.''
წყარო: etaloni.ge


როგორ უნდა განიტვირთოს მასწავლებელი მძიმე დღის შემდეგ - 10 საუკეთესო მეთოდი
 





მასწავლებლების შრომა ფასდაუდებელია - მათ დიდი ენერგიის ხარჯზე უწევთ მუშაობა. სამასახურიდან დაბრუნების შემდეგ ისინი ხშირად მაინც დაკავებულები არიან, რადგან სახლის საქმეების კეთებას აგრძელებენ.
პედაგოგებისთვის, ისევე როგორც ყველა სხვა დასაქმებული ადამიანისთვის, სასიცოცხლოდ აუცილებელია სამუშაო დღის შემდეგ განტვირთვა და დასვენება.
მიუხედავად იმისა, რომ 21-ე საუკუნეში დასვენება დიდი ფუფუნებაა, კვირაში რამდენჯერმე თუ მოახერხებთ მხოლოდ საკუთარი თავისთვის დროის გამონახვას, უფრო პროდუქტიულები იქნებით.
Etaloni.ge გთავაზობთ განტვირთვის მეთოდებს, რათა უფრო ენერგიულები იყოთ: 
1. ისეირნეთ ბუნებაში
2. მიიღეთ ცხელი აბაზანა
3. მოუსმინეთ მუსიკას
4. იცეკვეთ
5. დაკავდით იოგით
6. მოინახულეთ მეგობრები
7. წაიკითხეთ წიგნი
8. უყურეთ  ფილმს
9. არ დაგავიწყდეთ კარგად გამოძინება
10. და რაც მთავარია, იცინეთ ბევრი
წყარო: etaloni.ge 

2 комментария: